weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში არ ჩაერთვება

15:29 ოთხშაბათი, 30 ივნისი 2021

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უზენაესი სასამართლოს მოსმართლეების არჩევის პროცესში მონაწილეობაზე უარს აცხადებს და განმარტავს, რომ რეფორმების გატარებამდე ახალი მოსამართლეების არჩევა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებისაკენ მიმართული ნაბიჯია.

პარლამენტი იწყებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 9 კანდიდატის განხილვის პროცედურას, რომელიც მას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 17 ივნისს წარუდგინა. გუშინ, ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგობის მიუხედავად, იურიდიულმა კომიტეტმა სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელმაც მოსამართლეობის კანდიდატების კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა უნდა დაადგინოს. სამუშაო ჯგუფში კვოტა სახალხო დამცველისთვისაც არის გათვალისწინებული.

„სასამართლო სისტემაში არსებული მოუგვარებელი, უმწვავესი ინსტიტუციური პრობლემების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი უარს ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში ჩართვაზე, ვიდრე არ იქნება უზრუნველყოფილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა და არ დასრულდება მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის სასამართლო სისტემის ერთპიროვნული მართვა.

2019 წელს საქართველოს პარლამენტმა უგულებელყო სახალხო დამცველის, ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და არასამთავრობო სექტორის ყველაზე პრინციპული მოსაზრებები, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურას შეეხებოდა. 2019 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა სწორედ ხარვეზიანი კანონმდებლობის საფუძველზე აირჩია უზენაესი სასამართლოს 14 ახალი მოსამართლე. მათი ნაწილი, სახალხო დამცველის შეფასებებით, ვერ აკმაყოფილებდა კომპეტენციის მინიმალურ ზღვარსაც კი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელიც წარადგინა, თუმცა ახლადარჩეული მოსამართლეების უმრავლესობით დაკომპლექტებულმა უზენაესი სასამართლოს პლენუმმა სარჩელის განხილვის წინ ახალი მოსამართლე დანიშნა საკონსტიტუციო სასამართლოში, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია საქმის საბოლოო შედეგზე და სწორედ ერთი ხმა გახდა გადამწყვეტი, რის გამოც სახალხო დამცველის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ამის შემდგომ განხორციელებულმა უსისტემო საკანონმდებლო ცვლილებებმა აზრი დაკარგა. მაგალითად, 2020 წლის 30 სექტემბრის კანონით განისაზღვრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების წესი უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, თუმცა აღნიშნული ორგანო დღეის მდგომარეობით სრულადაა დაკომპლექტებული 2019 წლის დეკემბერში, უაღრესად პრობლემური და ნდობის არმქონე პროცესის შედეგად არჩეული მოსამართლეებით, რის გამოც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ასევე ვეღარ სარგებლობს ნდობით და აზრს უკარგავს გასაჩივრების მექანიზმის არსებობას.

მას შემდეგ, რაც 2019 წელს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, უკვე ორი წელია გასული და სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება კიდევ უფრო დამძიმებულია.

დღეს არსებული მდგომარეობა მოითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ, ძირეულ რეფორმას, რაზეც ასევე საუბარია 2021 წლის 19 აპრილის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ მომზადებულ შეთანხმებაში – „სამომავლო გზა საქართველოსათვის“. აღნიშნული რეფორმების გატარებამდე, უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების არჩევა ისევ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებისაკენ მიმართული ნაბიჯია, რის გამოც სახალხო დამცველი უარს ამბობს აღნიშნულ პროცესში მონაწილეობაზე“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად 9 მოსამართლე – გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი – შეარჩია და პარლამენტს წარუდგინა.

მოსამართლეთა უვადო დანიშვნათან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. „ქართული ოცნებას“ პროცესის შეჩერებისკენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები მოუწოდებენ. ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმება მოიცავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნების დაპაუზებას მანამ, ვიდრე არ გატარდება ფართო, ინკლუზიური მრავალპარტიული კონსულტაციები ამბიციურ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]