weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პროტესტის ეს ფორმა უშედეგოა – „საქნახშირი“ თანამშრომლების გაფიცვაზე

19:13 შაბათი, 03 ივლისი 2021

ტყიბულში ქვანახშირის მომპოვებელი კომპანიის, შპს „საქნახშირის“ განცხადებით, ხელფასის გაზრდის მოთხოვნის გამო თანამშრომლების სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობა ზიანს აყენებს კომპანიის მუშაობას, აფერხებს საწარმოო პროცესს და პირდაპირ აისახება ივლისის თვის ბონუსებზე. 

თანამშრომელთა ნაწილის გაფიცვის შემდეგ „საქნახშირში“ საკონსულტაციო საბჭოს კომიტეტების სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც კომპანიამ განცხადება გაავრცელა.

„საბჭოს წევრები (საბჭო დაკომპლექტებულია მეშახტეებით და მისი წევრების არჩევა მეშახტეების მიერ მოხდა) შეთანხმდნენ, რომ საჭიროა კონსტრუქციული დიალოგი, პროტესტის ეს ფორმა არ არის საკითხის გადაწყვეტის ეფექტიანი ინსტრუმენტი და მეტიც, მსგავსი ქმედებები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საწარმოს ტექნიკურ უსაფრთხოებას და ფინანსურ მდგომარეობას.

პროტესტის ეს ფორმა უშედეგოა, აფერხებს სხვა სტრუქტურული ერთეულების მუშაობას და საწარმოს წინსვლასა და განვითარებას ხელს უშლის.

სწორედ ამიტომ, კომიტეტის წევრები მხარს არ უჭერენ მეშახტეების მიერ სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობის ფორმატს და არ იწონებენ მათი მხრიდან საკითხის კონსტრუქციულად, საკონსტიტუციო საბჭოს მეშვეობით გადაწყვეტაზე უარის თქმას“, – ნათქვამია „საქნახშირის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეშახტეთა პროფკავშირი ადასტურებს, რომ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე პროფკავშირის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარებას, თუმცა მხარი არ დაუჭირა საკონსულტაციო საბჭოს მიერ გაკეთებულ უარყოფით შეფასებას გაფიცვის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. პროფკავშირის განცხადებით, გაფიცვა ლეგიტიმურია და კომპანია ცდილობს, ის დასაქმებულთა სამუშაოზე გამოუცხადებლობად წარმოაჩინოს.

პროტესტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, მიხაილ სოცკიმაც გააკეთა. კომპანია ამ ეტაპზე არ გეგმავს დასაქმებულებისთვის ხელფასის ფიქსირებული ოდენობით გაზრდას.

„ჩვენ არ გვაქვს ასეთი გაგება, რომ გაზარდოს ხელფასი 300 ლარით თუ სხვა ოდენობით, რადგან შექმნილია სპეციალური პრემირების და ბონუსური სისტემა. ის საშუალებას გვაძლევს, რომ სამუშაოს 100% გულისხმიერად შესრულებისა და სერიოზული მიდგომის შემთხვევაში, თუ ყველა მაჩვენებელი სრულყოფილად იქნება შესრულებული, პრემიები შეიძლება 300 ლარზე მეტიც იყოს.

ის ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ სამუშაოს შესრულებაზე, არღვევენ უსაფრთხოების წესებს. მერწმუნეთ, ასეთი შემთხვევა საკმაოდ ბევრია. იყო შემთხვევა როცა არ იმყოფებოდნენ სამუშაო ადგილზე, ეძინათ სამუშაო ადგილზე, ან საერთოდ აცდენენ და შემდეგ უფასო შვებულებას აფორმებენ. ამიტომ შეიქმნა სპეციალური სისტემა და ვინც სრულყოფილად ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს, იქნებიან პრემირებულები და მიიღებენ ბონუსებს“, – განაცხადა მიხაილ სოცკიმ.

დღეს, „საქნახშირის“ 400-მდე თანამშრომელი გაიფიცა. პროფკავშირის განმარტებით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიასთან მედიაცია წარუმატებლად დასრულდა. პროფკავშირის წარმომადგენლის, თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, ამ დროისთვის გაფიცულები არიან ზედაპირულ კომპლექსზე დასაქმებულები – მათგან 210-მდე ადამიანი მეშახტეების შახტაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა.

„მედიაციის პროცესში ზედაპირული კომპლექსის თანამშრომლებს პროფკავშირი წარმოვადგენდით. კომპანიის პოზიცია იყო, რომ ამ ეტაპზე, ვიდრე ქვანახშირის მოპოვება არ გაიზრდება, ხელფასების მომატება შეუძლებელია. მათი თქმით, ახლა თვეში 20-22 ათას ტონა ქვანახშირს მოიპოვებენ და იმისთვის, რომ ხელფასების მატება მოხდეს, უნდა ავიდეს 30 ათას ტონამდე, რაც მათი გეგმით 4-5 თვეში მოხდება“, – განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ „რეგინფოსთან“.

მისივე თქმით, 2020 წლის სექტემბერში კომპანიასთან მიღწეულ იქნა შეთანხმება და თანამშრომლებს ხელფასი 20-25%-ით გაეზარდათ, მაგრამ მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში ინფლაციისა და პროდუქტების გაძვირების გამო, ეს ანაზღაურება აღარ არის საკმარისი. როგორც გაფიცულები ამბობენ, მათი ხელფასი პოზიციების მიხედვით, 450-დან 800 ლარამდე მერყეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]