ტურისტი ხეთაგუროვის ქუჩაზე 5 ივლისს დაჭრეს, როდესაც „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით შეკრებილი ჰომოფობიური განწყობების მქონე მოქალაქეები თბილისის ცენტრში ჟურნალისტებსა და გამვლელებს ესხმოდნენ თავს. თვითმხილველის თქმით, პოლონელი ტურისტი სავარაუდოდ გრძელი თმისა და საყურის გამო დაჭრეს. ის ამ დრომდე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ქირურგმა შალვა გიუაშვილმა განაცხადა, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია.
სამართალდამცველებმა 32 წლის მამაკაცი 5 ივლისსვე დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ხულიგნური ქვენაგრძნობით, სრულიად უმიზეზოდ თავს დაესხა პოლონეთის მოქალაქეს და დანით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა.
„ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულ გ.ხ.-ს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. შესაბამისად, მისი შერაცხადობის დადგენის მიზნით გამოძიების მიმდინარეობისას დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა“, – აცხადებს პროკურატურა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ხულიგნური ქვენა გრძნობით მკვლელობის მცდელობას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ახალგაზრდა მამაკაცს 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.