weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მალხაზ მაჩალიკაშვილი გაათავისუფლეს

21:51 ოთხშაბათი, 07 ივლისი 2021

მალხაზ მაჩალიკაშვილი დროებითი დაკავების იზოლატორიდან გაათავისულეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი საქმის განხილვა 23 ივლისამდე გადაიდო. სამართალდამრღვევად ცნობის შემთხვევაში, მაჩალიკაშვილს ფულადი ჯარიმა ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება. 

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტმა, მარიამ პატარიძემ დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მაჩალიკაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის სამი მუხლის საფუძველზე იყო დაკავებული, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მას წვრილმან ხულიგნობას, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და ცივი იარაღის ტარებას ედავება. ადვოკატი მიიჩნევს, რომ მაჩალიკაშვლის მხრიდან სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. 

მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიციამ გუშინ, რუსთაველის გამზირზე დააკავა, სადაც 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების საწინააღმდეგო მდუმარე აქცია და მისი კონტრაქცია მიმდინარეობდა. ადვოკატი აღნიშნავს, რომ, მისი ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი ერთადერთი ადამიანია, რომელიც მდუმარე აქციის მხარეს დააკავეს.

„მაჩალიკაშვილი იმყოფებოდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩიტაძის ჩამოსასვლელთან, იმ ადგილზე, სადაც პოლიციამ რკინის ჯებირები აღმართა. ჯებირებს მიღმა მყოფი ძალადობრივი ჯგუფის წევრების მხრიდან მისი მისამართით განხორციელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მას შემდეგ, რაც ამ ადამიანებმა მაჩალიკაშვილი იცნეს, დაუწყეს გინება და ცდილობდნენ ჯებირები გაერღვიათ და ფიზიკურად დაპირისპირებოდნენ.

როდესაც პოლიცია გამოჩნდა, მაჩალიკაშვილს გაუჩნდა განცდა, რომ იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მოდიოდნენ, რაც მას ამ ძალადობრივი ჯგუფის წევრების მხრიდან ელოდა. რეალურად, მივიღეთ სიტუაცია, როდესაც თვითონაც ადმინისტრაციული წესით დააკავეს“, – უთხრა „რეგინფოს“ მარიამ პატარიძემ.

გუშინ, 6 აპრილს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მდუმარე აქცია – „თავისუფლებისთვის“ – გაიმართა, რომლის მონაწილეებმა 5 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენები გააპროტესტეს. პარალელურად, რუსთაველის გამზირზე კვლავ შეიკრიბნენ ძალადობრივი და ჰომოფობიური განწყობების მქონე ჯგუფები. ისინი ქვებს, შუშის ბოთლებს და სხვადასხვა საგნებს ისროდნენ, მუდმივად ცდილობენ პოლიციის კორდონების, რკინის ჯებირების გარღვევას და მშვიდობიან აქციაზე შეჭრას. როგორც დღეს გახდა ცნობილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აქციაზე ადმინისტრაციული წესით 100 ადამიანი დააკავეს, მათგან 68 ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, ხოლო 32 – დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ 32 ადამიანს შორის იყო.

5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ შეკრებილმა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა პარლამენტის შენობის წინ, თვეების განმავლობაში პროტესტის ნიშნად განთავსებული კარვებიც დაშალეს, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავიც.

მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილი, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, შუაღამეს, საკუთარი საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში სპეცრაზმმა სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა. დაჭრილი მაჩალიკაშვილი 10 იანვარს საავადმყოფოში ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ. თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმე სახელმწიფომ არ გამოიძია, რის გამოც ოჯახმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]