weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა

18:13 ხუთშაბათი, 08 ივლისი 2021
IPN-ის ფოტო IPN-ის ფოტო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანიების „რუსთავის 2-ისა და „მთავარი არხის, გამოცემა ტაბულას და საინფორმაციო სააგენტო ნიუპოსტის წარმომადგენლების მიმართ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით დაკავებულებს – ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძეს და მურად დევლარიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ზაზა მჭედლიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მოძალადე არ არის და რაც ჩაიდინა, ძალიან ნანობს.

„პუტინის მონას რომ გიწოდებენ, გაღიზიანდები, დროშის ტარი მოვიქნიე და კამერას მოხვდა, სოციალურად დაუცველი, ორი შვილის მამა ვარ, ტაძარში ვმსახურობ. ალბათ, ჩემი საახლობლოც იტყვის, რომ მოძალადე არ ვარ, რაც ჩავიდინე იმასაც ვნანობ, მიმალვას არ ვაპირებ. ოჯახი მყავს პატივცემულო მოსამართლე, დამეჩაგრება შვილები“, – განაცხადა მჭედლიძემ.

ბრალს არ აღიარებს კიდევ ერთი დაკავებული ზაზა ჭაავა, რომელიც გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, მოპედით ეჯახებოდა ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. როგორც მან თქვა, მოძღვართან პურის მისატანად მიდიოდა, როდესაც მუხრუჭმა უმტყუვნა.

„მარცხენა ხელი არ მაქვს და ავარიის შედეგად მარჯვენა ფეხი არ მაქვს, ძვლების ნაცვლად რაღაც მიზის. სადაც ჟურნალისტებში შევვარდი, ჩემი მიზანი მათი დაზიანება არ იყო, ტრანსპორტმა მიმტყუნა. ვინც მოპედს მართავს, იცის, რაზეც ვსაუბრობ, ახალი გადაწყობილი მქონდა მუხრუჭი.

ჩემს მოძღვარს მოვკარი თვალი და მასთან პურის მისატანად მივდიოდი. გამექცა მოტოციკლი, გაზიც გაიჭედა, ვიგინებოდი და ვყვიროდი, რადგან მივხვდი, რომ ვეღარ ვაჩერებდი. შევარდნისას რატომღაც ერთ-ერთი ოპერატორი წიხლებით შემომახტა მკერდზე, რადგან ისევ გაზს მივაწექი, იქნებ აიშვას მეთქი. მე არ ვარ ჟურნალისტების მიმართ აგრესიული. რაც შეეხება ლგბტ მსვლელობას და მათი თანაცხოვრების საქართველოში დაფუძნებას, არ ვემხრობი, ქრისტიანი ვარ“, – განაცხადა ჭაავამ.

„ერთეულმა ჟურნალისტებმა შეურაცხყოფა მოგვაყენეს, პუტინის მონები, მოძალადეები გვიწოდეს, ჟურნალისტებს და ტელევიზიას პატივს ვცემ, მაგრამ ზოგიერთები შეურაცხყოფაზე იყვნენ გადასულები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მარტო ვიყავი, მდგომარეობიდან გამოვედი და ხელი მოვუქნიე, ჩემ ხელის მოქნევაზე მზად ვარ პასუხი ვაგო, არავისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. აღელვების ნიადაგზე ხელი მოვიქნიე, „კავკასიის“ ოპერატორს გადავეფარე, ხალხი დავამშვიდე, რომ ჟურნალისტებისთვის არ დაერტყათ. არც სასამართლოს გავურბივარ და არც ვძალადობ, არც არავისთვის საშიში არ ვარ, რაც ჩავიდინე დანაშაული, არ გავურბივარ და მზად ვარ იმაზე პასუხი ვაგო. ის რომ ხალხთან ერთად ვიყავი, ვიღაცას ვაგინებდი, ვემუქრებოდი, ტყუილია“, – თქვა მურად დევლარიშვილმა, რომელმაც ზაზა ჭაავას მსგავსად აღნიშნა, რომ ისიც ოთხი შვილის მამაა.

ბრალდებულების საქმეებზე წინასასამართლო სხდომა 2 სექტემბერს გაიმართება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 39 წლის მურად დევლარიშვილის, 28 წლის ზაზა ჭაავას და 42 წლის ზაზა მჭედლიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია 6 ივლისს გაავრცელა. პროკურატურის განცხადებით, შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით გასამართი აქციის პარალელურად, მოწინააღმდეგე ჯგუფის მიერ მიმდინარე აქციაზე, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირები, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და „ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ სხვადასხვა ტელეკომპანიის, ინტერნეტ-გამოცემის, ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს და ოპერატორებს, განახორციელეს მათ მიმართ პროფესიული ნიშნით დევნა და არ მისცეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.

კერძოდ, პროკურატურა ამტკიცებს, რომ ბრალდებულები ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის, გამოცემა „ტაბულას“ და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებს, პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, აიძულებდნენ შეეწყვიტათ პროფესიული საქმიანობა, არ გადაეღოთ და არ გაევრცელებინათ მათ მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების ამსახველი მასალა.

დაკავებულებს ბრალდება წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბოლო მონაცემებით, ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნის, ჯგუფური ძალადობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ სულ 15 პირია დაკავებული, მათგან ბრალი 8 პირს უკვე წარედგინა. პროკურატურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 25 პირი, მათ შორის 19 ჟურნალისტი და ოპერატორი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]