weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მთავრობას გადადგომისთვის ვადა 12 ივლისის 12:00 საათამდე მისცეს

00:03 ორშაბათი, 12 ივლისი 2021

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს ნაცემი ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ გამართული აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი მთავრობის გადადგომას ითხოვენ. როგორც მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრმა, შოთა დიღმელაშვილმა პარლამენტის წინ განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის ღარიბაშვილს ვადა 12 ივლისის 12:00 საათამდე აქვს.

„5 ივლისს მთავრობამ აქ გააუქმა სახელმწიფო, სახელმწიფო მოშალა. 6 ივლისს, როდესაც აქ ევროკავშირის დროშას წვავდნენ, მაშინაც გაუქმებული იყო სახელმწიფო, პოლიციას შეეძლო ამ დროშის დაცვა, მაგრამ აცალეს რომ დაეწვათ. მაშინაც გაუქმებული იყო სახელმწიფო. ჩვენ უნდა აღვადგინოთ სახელმწიფო! ჩვენ უნდა გამოვტაცოთ ეს სახელმწიფო რუსებს და იმ მეხუთე კოლონას, რომელიც ახლა მართავს საქართველოს და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ.

რაც შეეხება გეგმებს, ჩვენ ვადას ვაძლევთ ხელისუფლებას ხვალინდელი დღის 12:00 საათამდე. გადადგეს ღარიბაშვილი, გადადგეს მთავრობა, დაინიშნოს არჩევნები.

ორი წლის წინაც გვეუბნებოდნენ, რომ ვერ მივაღწევდით ვერაფერს - გვაქვს თუ არა დღეს პროპორციული არჩევნები რომელიც მოვითხოვეთ ორი წლის წინ? როგორც იმ ბრძოლაში გავიმარჯვეთ, ამ ბრძოლაშიც გავიმარჯვებთ, მაგრამ ისე გვინდა გამარჯვება, რომ მაქსიმალურად ნაკლები ზიანი მოადგეს ყველაფერს. ხვალ, 12:00 საათამდე ხელისუფლებას აქვს ვადა გადადგეს, თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენ გაგაცნობთ ჩვენს სამოქმედო გეგმას, რომელიც მიგვიყვანს ამ მიზნამდე - ღარიბაშვილის გადაყენებამდე“, – განაცხადა დიღმელაშვილმა აქციაზე.

მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ტერიტორიიდან გადაინაცვლეს, განცხადება გააკეთა „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ. მისი თქმით, მთავრობის მეთაურის გარდა, უნდა გადადგეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილიც.

„ჩვენ აქ ვსხედვართ მშვიდობიანი პროტესტით. ჩვენ ვართ ბევრნი, ვიქნებით კიდევ უფრო მეტნი. ველოდებით ერთადერთ ადეკვატურ გადაწყვეტილებას ჯერ კიდევ ხელისუფლებისგან - მთავრობა, მისი პრემიერი უნდა გადადგეს და უკან მიყვეს სუს-ის მეთაური ლილუაშვილი, რომელიც რომელიც იყო ამ სპეცოპერაციის ერთ-ერთი მთავარი დამგეგმავი.

12:00 საათამდე ეს თუ არ მოხდება, 18:00 საათზე ისევ შევიკრიბებით. ყოველდღე იქნება ეს პროტესტი. შეიძლება ამან მიიღოს უწყვეტი სახე. ამაში ჩაებმებიან სხვა ადამიანებიც, სხვა ჯგუფები, რეგიონებიც, არამხოლოდ მედია“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, 36 წლის ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს, თბილისში ძალადობრივი აქციის გაშუქების დროს სასტიკად სცემეს და სახის ძვლები დაუმტვრიეს, დღეს, დილით, საკუთარ სახლში გარდაცვლილი დედამ ნახა. ლაშქარავას აქციაზე დაშავების შემდეგ თვალის არეში ოპერაცია დასჭირდა. ის 5-დან 8 ივლისის ჩათვლის კლინიკა „ნიუჰოსპიტალსში“ მკურნალობდა. ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დაიწყო პაციენტის ისტორიის შესწავლა და საზოგადოებას შემოწმების შედეგებს უმოკლეს ვადაში გააცნობს. კომენტარი გააკეთა კლინიკის დირექტორმაც. მისი თქმით, ლექსო ლაშქარავა 8 ივლისს დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა, გაწერის წინ კი მას კიდევ ერთხელ ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგი ორჯერ გამართა. პირველ ბრიფინგზე შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ თქვა, რომ გამოძიების ფარგლებში პოლიცია სწავლობს გარდაცვალების წინა დღეს ლექსო ლაშქარავას გადაადგილებას. შსს-ს მაღალჩინოსანმა მიანიშნა, რომ 10 ივლისს, ლაშქარავა მეგობართან ერთად ორჯერ იმყოფებოდა ფონიჭალის დასახლებაში. „ფონიჭალის დასახლებაში იყვნენ ორჯერ ჩასულები, თუმცა ამაზე შეგნებულად არ გვინდა ხაზის გასმა იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებას არ დარჩეს წინმსწრები ვერსიების გაჟღერების შთაბეჭდილება შინაგან საქმეთა სამინისტროდან“. რამდენიმე წუთში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ კი ჭელიძემ განაცხადა, რომ გამოძიება ზედოზირების ვერსიასაც განიხილავს.

საღამოს, მეორე ბრიფინგზე ჭელიძემ თქვა, რომ ლაშქარავა საღამოს სახლში სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი დაბრუნდა.

„ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი - ალექსანდრე ლაშქარავა მიმდინარე წლის 10 ივლისს, 15:28 სთ-ზე, მოპედით ტოვებს საცხოვრებელ მისამართს. 15:31 სთ-ზე მეგობართან ერთად შედის ბახტრიონის ქუჩაზე ერთ-ერთ აფთიაქში. აფთიაქიდან გამოსვლის შემდეგ იწყებს გადაადგილებას ფონიჭალის დასახლების მიმართულებით, სადაც ფიქსირდება 16:31 სთ-ზე. ფონიჭალიდან მომავალი ლაშქარავა ორთაჭალაში გაჩერდა და მოგვიანებით 19:41 საათზე ისევ ბრუნდება ფონიჭალაში, საიდანაც გადაადგილდება „დედა ენის ბაღის“ მიმართულებით, სადაც დაჰყო გარკვეული პერიოდი, ხოლო 00:10 სთ-ზე ბრუნდება საბურთალოს ტერიტორიაზე საცხოვრებელ მისამართზე, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში“, – აღნიშნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]