weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

„ქართული ოცნების“ ოფისთან ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე დააკავეს

23:50 ორშაბათი, 12 ივლისი 2021

სამართალდამცავებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც საპროტესტო აქცია იმართება, საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი, ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე დააკავეს. გავრცელებული ვიდეომასალიდან ჩანს, ათამდე პოლიციელს ძალის გამოყენებით როგორ მიჰყავს აბსანძე, რის შემდეგაც მას პოლიციის ავტომობილში სვამენ.

„ჟურნალისტი რომ ხართ, რა ვიცით? ნასვამი ბრძანდებით და თან ძაღლით ხართ. თქვენ პროფესიულ საქმიანობას არ ახორციელებთ. ამიტომ დატოვეთ ტერიტორია“, – მიმართეს პოლიციელებმა ჟურნალისტს.

პოლიციას აბსანძე გაჰყავდა, რა დროსაც მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს. ამ დროისთვის უცნობია, რა საფუძვლით მოხდა ჟურნალისტის დაკავება. ირაკლი აბსანძის მიერ წვრილმანი ხულიგნობა ან პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ვიდეოკადრებში არ ჩანს, ამის მიუხედავად ის მაინც დააკავეს და დაკავების პროცესში დამამცირებლად ეპყრობოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 12 პირი დააკავა.

დემონსტრანტებმა მმართველი პარტიის ოფისთან რამდენიმე საათის წინ გადაინაცვლეს. მანამდე ისინი აქციას სახელწოდებით „ლექსოსთვის“ პარლამენტის შენობასთან მართავდნენ.

საპროტესტო გამოსვლები გუშინ დაიწყო - მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფის მიერ 5 ივლისს, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ტელეკომპანიების წარმომადგენელები მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. ისინი და მათ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის გადადგომას ითხოვენ. ირაკლი აბსანძე აქციას დღეს შეუერთდა.

„ჩვენ გვყავს მოძალადე პრემიერი, თან ხეპრე პრემიერი, რომელმაც არც კი იცის, რას ლაპარაკობს, არც კი იცის, რამდენს ვნებს ამ ქვეყანას მისი ნებისმიერი განცხადებით და ყველა განცხადება მხოლოდ ვიწრო ჯგუფზე არის მიმართული“, – განაცხადა ირაკლი აბსანძემ პარლამენტთან ყოფნის დროს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]