weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დავით კუტალაძეს ლექსო ლაშქარავაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის ბრალი წარედგინა

13:31 სამშაბათი, 13 ივლისი 2021

პროკურატურამ, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას მიმართ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის ბრალი კიდევ ერთ პირს - გუშინ დაკავებულ დავით კიტალაძეს წარუდგინა.

პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე დავით კუტალაძე და მასთან ერთად მყოფი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ლექსო ლაშქარავას.

კერძოდ, პროკურატურის ცნობით, ბრალდებულები ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

„მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აცხადებს პროკურატურა.

უწყების ცნობით, ლექსო ლაშქარავას და ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ამ დროისთვის დაკავებულია ხუთი პირი, მათ შორის ოთხს პატიმრობა აქვს შეფარდებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების და ასევე, ამ ძალადობაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით

თბილისი პრაიდის საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 21 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის 30 ჟურნალისტი და ოპერატორი, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს, თბილისში ძალადობრივი აქციის გაშუქების დროს სასტიკად სცემეს. მას სახის ძვლები ჰქონდა დამტვრეული და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. რამდენიმე დღე ის საავადმყოფოში იყო მოთავსებული. კლინიკიდან 8 ივლისს გაწერეს. „ნიუჰოსპიტალსის“ დირექტორი აცხადებს, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და ის მკურნალობას ბინაზე აგრძელებდა.

ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში, საწოლში გარდაცვლილი 11 ივლისს, დილით დედამ ნახა. ცხედარი პოლიციელებმა ექსპერტიზის ცენტრში მშობლების ნებართვის გარეშე გადაიტანეს. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქიმიური ექსპერტიზის შუალედური დასკვნის თანახმად, ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები.

„ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება“, – განაცხადა გუშინ საღამოს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიების ორგანიზებით თბილისში საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციის მონაწილეები პრემიერის, მთავრობისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომას ითხოვენ.

ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში, ტელეკომპანი „პირველის“ დაკვეთით ჩართულმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ 11 ივლისს განაცხადა, რომ სამედიცინო ისტორიის მიხედვით, საავადმყოფოში ყოფნისას ლაშქარავას ძლიერი ტკივილების გასაყუჩებლად მორფინს უკეთებდნენ. გარდაცვლილის ოჯახის წევრებიც ამბობენ, რომ ლექსოს სხეულში მხოლოდ მორფინი შეიძლებოდა ყოფილიყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]