15:00 საათზე, როდესაც ლექსო ლაშქარავა სახლიდან გამოასვენეს, რეგიონულმა ტელევიზიებმა მაუწყებლობა შეაჩერეს. 10 წუთის განმავლობაში ტელეეკრანებზე შავ ფონზე დაწერილი ლოზუნგი – #ლექSOSთვის ჩანდა.
36 წლის ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, გამთენიისას გარდაიცვალა. მანამდე, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს, ჰომოფობიურად განწობილმა ჯგუფმა მას სასტიკად სცემა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში. ოპერატორს, რომელიც თავის პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა, სახის ძვლები დაუმტვრიეს, რის გამოც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ის 5-დან 8 ივლისის ჩათვლის კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურნალობდა. ლექსო ლაშქარავას სიკვდილის უშუალო მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაასაჯაროვა ქიმიური ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, რომელზე დაყრდნობითაც უწყება ამბობს, რომ მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირება.
ოჯახის წევრებს შსს-ს ვერსიის არ სჯერათ. მათი თქმით, ლექსოს ორგანიზმში შეიძლება მხოლოდ მორფინი აღმოეჩინათ, რომელსაც ძლიერი ტკივილების გამო „ნიუ ჰოსპიტალსში“ უკეთებდნენ. გამოძიებას არ ენდობა არც ტელეკომპანია „პირველი“. ამ და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სხვა მედიასაშუალებების ხელმძღვანელები ჟურნალისტებზე ძალადობისთვის პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ.
ლექსო ლაშქარავას და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 5 პირია დაკავებული, რომელთაგან ერთ-ერთი – დავით კუტალაძე – ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, გუშინ დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულები ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.
5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მონაწილეებმა 53 ჟურნალისტის, ოპერატორისა და ფოტოგრაფის მიმართ იძალადეს. ამ ეტაპზე დაზარალებულად ცნობილია მედიასაშუალებების 30 წარმომადგენელი.