ხინოს ხეობაში ორი ადამიანის დაკარგვის შესახებ გუშინწინ, საღამოს გახდა ცნობილი. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ ხინოს ხეობაში, ხინოსა და გომის მთებს შორის იმყოფებოდა ორი გზააბნეული მოქალაქე, რომლებიც ვერ ახერხებდნენ უსაფრთხო ადგილზე ჩასვლას და ესაჭიროებოდათ მაშველების დახმარება. ერთ-ერთ მათგანს ქვედა კიდური ჰქონდა დაზიანებული.
„რთული რელიეფის და უამინდობის მიუხედავად მეხანძრე-მაშველები 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში სხვადასხვა მიმართულებიდან, აჭარისა და გურიის რეგიონებიდან ახორციელებდნენ სამაშველო ოპერაციას. მეხანძრე-მაშველთა სპეციალური ჯგუფები ხეობებში ქვეითად გადაადგილდებოდნენ და დეტალურად ამოწმებდნენ ყველა ლოკაციას. სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი აქტიურად იყო ჩართული.
სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 70 თანამშრომლის მიერ ჩატარებული უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, ხინოს ხეობაში მოხერხდა გაუჩინარებული ორი მოქალაქის ადგილსამყოფელის დადგენა. ორივე მათგანი ნაპოვნია უვნებლად.
სამაშველო ოპერაციაში ადგილობრივ ჯგუფებთან ერთად, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს 15 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. გარდა ამისა, პროცესში ჩართულები იყვნენ იმერეთის, აჭარის და გურიის მთავარი სამმართველოების მეხანძრე-მაშველები, ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობდა საფრენი აპარატის, დრონის მეშვეობით. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა აუცილებელი აღჭურვილობა და ტექნიკა“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.