weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კულუმბეგოვის თქმით, PCR-ის ცნობა რუსეთიდან ტურისტების შემოშვებისთვის საკმარისი არ უნდა იყოს

16:56 სამშაბათი, 20 ივლისი 2021

ჩვენი მთავარი პრობლემა ახლა, ამ ტალღის პირობებში, არის ვაქცინირების ძალიან დაბალი პროცენტი და ამ დროს ქვეყნის სრული გახსნა და დერეგულაცია. სამწუხაროდ, ჩვენ ამით ვერაფერი მოვიგეთ, განაცხადა იმუნოლოგ-ალერგოლოგმა და ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი იმუნიზაციის საბჭოს წევრმა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კულუმბეგოვის თქმით, არსებულ სიტუაციაში გამოსავალია ის, რომ რისკის ქვეყნებიდან ტურისტების შემოსვლა აიკრძალოს. ასეთ ქვეყნებს შორის მან რუსეთი დაასახელა.

ჩვენ გვაქვს რისკის ქვეყნები, იგივე, ჩრდილოეთ მეზობელი, საიდანაც გაყალბებული ცნობებით მოდიან ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი. მინიმალური თანხის საფასურად ისინი აყალბებენ PCR ტესტის ცნობებს. ამიტომ ეს საკმარისი არ უნდა იყოს მათი აქ შემოშვებისთვის. ალბათ კარანტინის რეჟიმი უნდა დაწესდეს, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

გარდა ამისა, მან გამოსავლად დაასახელა არასაჭირო ჰოსპიტალიზაციისგან კლინიკების გათავისუფლება და სამედიცინო პერსონალის სავალდებულო ვაქცინაცია.

„ალბათ ქვეყანამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და სავალდებულო ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს შორის მაინც უნდა დააწესოს. იმუნიზაციის საბჭოზე განხილული იყო საკითხი, რომ კორონავირუსის გადატანის შემდგომ შემოკლდეს ვაქცინაციის დაშვების პერიოდი და ეს 30 დღემდე შემცირდება. ადრე ჩვენს ქვეყანაში მოქმედებდა ასეთი წესი – თუ ადამიანი იყო დადასტურებულად კოვიდ დაავადებული, მხოლოდ ინფექციის გადატანიდან 120 დღის შემდეგომ შეეძლო ვაქცინაციის გაკეთება. ეს შეზღუდვა გამომდინარეობდა მხოლოდ იქიდან, რომ ჩვენ არ გვქონდა საკმარისი რაოდენობით ვაქცინები და წმინდა მორალური თვალსაზრისით, მათ უნდა დაეთმოთ ვაქცინა ისეთი ადამიანებისთვის, რომელთაც ვირუსის მიმართ არანაირი იმუნური პასუხი არ ჰქონდათ. ახლა, როდესაც ჩვენ გაგვიჩნდა ვაქცინებისადმი უფრო დიდი ხელმისაწვდომობა, ეს თარიღები 30-დღემდე მცირდება. მაგალითად, აშშ-ში, კანადაში და ბევრ ქვეყანაში, როგორც კი ადამიანს კორონავირუსის გადატანის შემდგომ კარანტინის პერიოდი დაუმთავრდება, ეს არის 12-14 დღე, უფლებას აძლევენ, რომ ვაქცინა გაიკეთოს. სადღაც, სადაც ვაქცინებისადმი ხელმისაწვდომობა უფრო რთულად არის, უფრო მეტი შეზღუდვაა“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

დღეს, ჩატარებული 36 375 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსის 2616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 26 ინფიცირებული, 880 კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 18 197 აქტიური შემთხვევაა. აქედან 4495 ინფიცირებული საავადმყოფოშია მოთავსებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, დღევანდელი ეპიდსიტუაცია არის იმის მსგავსი, რაც გასული წლის ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში იყო.

„ეს ძალზე საყურადღებოა. ყველა ინდიკატორით ჩვენ გადავედით წითელ ზონაში. ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იყოს მიღებული“, – განაცხადა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოს უკვე მიმართა რეკომენდაციით, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო იყოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]