weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ასეთი ნაბიჯები მადლიერებას იწვევენ მოსახლეობაში – ილია II რუსეთის პატრიარქს გახელაძის საქმეზე

10:32 ოთხშაბათი, 21 ივლისი 2021

საქართველოს საპატრიარქომ ზაზა გახელაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და რუსეთის პატრიარქ კირილეს მიმოწერა გამოაქვეყნა. 19 ივლისს გაგზავნილ წერილში ილია მეორე რუსეთის ეკლესიის მეთაურს მადლობას უხდის გახელაძის გთავისუფლებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ „ასეთი ნაბიჯები მადლიერების გრძნობის გამოძახილს იწვევენ მოსახლეობაში“.

„მის უწმინდესობას, კირილეს,

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს

თქვენო უწმინდესობავ, ქრისტესმიერი სიყვარულით პატივისცემით მოგესალმებით და გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და შემდგომ წარმატებებს თქვენს მაღალ მსახურებაში.

გვინდა გამოვხატოთ მადლიერება პირადად თქვენდამი და ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც იღვაწა ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის, რაც არ იყო მარტივი საკითხი; მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველაფერი კეთილად დამთავრდა და იგი უკვე 14 ივლისიდან ოჯახს დაუბრუნდა.

ასეთი ნაბიჯები განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს და მადლიერების გრძნობის გამოძახილს იწვევენ მოსახლეობაში.

დაე, ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა შეეწიოს ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს, ამინ.

ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით,

ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი“, – ვკითხულობთ ილია მეორის წერილში.

საქართველოს საპატრიარქომ რუსეთის პატრიარქს ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში დახმარება 24 ივნისს სთხოვა. 13 ივლისს პატრიარქმა კირილემ ილია მეორეს საპასუხო წერილი გამოუგზავნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მისი მხრიდან გადაიდგა ყველა საჭირო ნაბიჯი საკითხის დადებითად გადაწყვეტისათვის.

„მისი უწმინდესობასა და უნეტარესობას,

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ღვთივ საყვარელო ძმაო,

მივიღე 2021 წლის 24 ივნისით დათარიღებულ თქვენი თხოვნის წერილი საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის შუამდგომლობის თაობაზე, რომელიც სასჯელს იხდის სამხრეთ ოსეთში.

ზ. გახელაძის დაჭერის ცნობილი გარემოების და მისთვის წაყენებული ბრალდების გამო, რომლითაც იგია გასამართლებული (მესაზღვრის სიცოცხლის ხელყოფა), საქმე ნამდვილად არ არის ადვილად გადასაწყვეტი.

მიუხედავად ამისა, ჩემის მხრიდან გადაიდგა ყველა საჭირო ნაბიჯი აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტისათვის; მათ შორის სათანადო მიმართვაც გაიგზავნა ბატონ ა.ი. ბიბილოვთან.

გვაქვს იმედი, რომ ერთობლივი ძალისხმევით მივიღებთ ისეთ შედეგს, რომელიც შეამსუბუქებს დაკავებულის ხვედრს და ახლობლების მწუხარებას.

ქრისტესმიერი სიყვარულით და თქვენი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელად ყოფნის სურვილით.

კირილე

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი“, – ნათქვამი იყო საპასუხო წერილში.

34 წლის ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა კასპის რაიონში, ე.წ. სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2020 წლის 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და უკანონოდ დააკავეს. 2021 წლის 5 თებერვალს დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელზე თავდასხმასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში და 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გახელაძის გათავისუფლებას მისი ოჯახის წევრები თითქმის ერთი წელი უშედეგოდ ითხოვდნენ და ხელისუფლებას არაეფექტურად მუშაობაში ადანაშაულებდნენ. 23 ივნისიდან გახელაძეები საპროტესტო აქციების გამართვას აპირებდნენ, თუმცა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ შეცვალეს, რაც 22 ივნისს მათ საპატრიარქოს წარმომადგენლები შეხვდნენ, რომლებმაც აცნობეს, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ზაზას გასათავისუფლებლად რუსეთის ხელისუფლებასთან შუამდგომლობისთვის პატრიარქ კირილეს წერილობით მიმართავდა.

ზაზა გახელაძე ცხინვალის ციხიდან 14 ივლისს გაათავისუფლეს. დე ფაქტო სამხერთ ოსეთის ცნობით, ე.წ. პრეზიდენტმა ბიბილოვმა გახელაძე შეიწყალა და ის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ვადიმ გობოზოვში გაცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]