„არავითარი ლოქდაუნი არ იგეგმება იმიტომ, რომ მთელი წელიწადი იყო ლაპარაკი – „რატომ ვართ ლოქდაუნში“. ახლა მართვის სხვა საშუალებებია: პირველი – ავიცრათ, მეორე – ვატაროთ ნიღაბი. რა თქმა უნდა, კლინკებში კიდევ დაემატება ადგილები, ასევე დაემატება საკარანტინო სივრცეები და ე.წ. კოვიდ-სასტუმროების ადგილები, რომ მოხდეს იმ ადამიანების იზოლირება, ვისაც სახლში ამის საშუალება არ აქვთ. ეს ადგილები ყოველდღიურად ემატება, ამის რესურსი არის. პირადი პასუხისმგებლობაც ხომ უნდა ჰქონდეს ადამიანებს?!“, – განაცხადა იმნაძე.
ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ არ არის მიღებული უფრო მკაცრი შეზღუდვები, მათ შორის ბიზნესებისთვის, მან ასე უპასუხა:
„ჭრელო პეპელას ვარიანტია. მე აქ ერთი წელი მესმოდა, რატომ არის შეზღუდვებიო. ბიზნესის ნაწილს შემიძლია ვუთხრა ერთი რამ: ახლა აღარ დასჭირდებათ შეზღუდვა. შეზღუდვა ის იქნება, თუ ბიზნესი თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არ დაიცავს რეგულაციებს და არ აცრის თანამშრომლებს, ეს ბიზნესები ჩავარდებიან ცუდ მდგომარეობაში, იმიტომ, რომ ტურისტი თუ წავა აქედან ინფიცირებული (და უკვე ბევრია ასეთი შემთხევვები), მათ შორის, ისრაელში, ქუვეითში, სინგაპურში, იქიდან ტურისტს გამოუშვებს ვინმე იმ სასტუმროში?“.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 3666 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.68%-ია, ბოლო ორი კვირის – 6.03%, ბოლო ერთი კვირის – 6.71%.
ინფიცირების 3666 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1938 შემთხვევა, აჭარაში – 378, იმერეთში – 362, კახეთში – 222, შიდა ქართლში – 205, ქვემო ქართლში – 179, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 175, მცხეთა-მთიანეთში – 83, გურიაში – 54, სამცხე-ჯავახეთში – 39, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 31.
ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფიცირების 25 844 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 18 896 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის, 5185 ადამიანი კი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე 996 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.