„მთავარი პრობლემა ქვეყანაში იმუნიზაცია არ არის, რადგან იმუნიზაციის პროცესშიც კი, ხშირი არის ინფიცირება. ჩვენ ვაკვირდებით სხვადასხვა ქვეყანას, რომელიც ძალიან წარმატებული იყო ვაქცინაციაში, თუმცა ინფექციის გავრცელება მაინც ხდება.
ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ პანდემიას ვებრძოლოთ, არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, ხოლო იმუნიზაცია ეს არის ის დამატებითი ბენეფიტი, რომელიც თითოეულ ადამიანს შეიძლება, ჰქონდეს და ეს პროცესიც საქართველოში დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალხარისხოვანი ვაქცინით და ხელმისაწვდომობა მოსახლეობას აქვს. ახლა მთავარია ამ პროცესში ჩართვა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 3141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებული 20 ადამიანი კი გარდაიცვალა.
მეორე დღეა, COVID-19-ით ინფიცირების დღიური შემთხვევების რაოდენობა 3000-ს აჭარბებს. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და კახეთში ვლინდება. დღეს ქვეყანაში კორონავირუსი 27 456 ადამიანს აქვს, მათგან 20 402 სახლში მკურნალობს, 5256 კი საავადმყოფოშია მოთავსებული.
რაც შეეხება იმუნიზაციის პროცესს, დღეისთვის სრულად ვაქცინირებულია მხოლოდ 144 222 ადამიანი, რაც სამიზნე ზრდასრული მოსახლეობის 8.5%-ია.