წულუკიანმა გადაცემაში „უცნობის კოდობანი“ ვრცლად უპასუხა შეკითხვას, ცილისწამებისა და „ფეიკ ნიუსის“ კანონით დარეგულირებასთან დაკავშირებით, რა დროსაც 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობასაც შეეხო.
„21-ე საუკუნეა და ეს ევროპულ კონვენციაში წერია, ჩვენთან კი თუკი რაღაც ამდგავარს იტყვი – ვალდებულებები, მორალი, საზოგადოებრივი წესიგი – უნდათ, რომ შეგრაცხონ რეტროგრადად და ჩამორჩენილად. ეს ყველაფერი წერია და მოქმედებს. ევროპულ კონვენციას პირდაპირი გამოყნების ძალა აქვს ჩვენს სამართლებრივ წესრიგში. ამას არავინ დაგიდევს და თითქოს, ამ გამოხატვის თავისუფლების სახელით ებრძვიან ყველაფერს, რაც არის ინდივიდუალური და ინდივიდი. ეს ძალიან დიდი პრობლემაა.
როგორ უნდა ვებრძოლოთ? მე ვფიქრობ, რომ ამას კლასიკური ბრძოლის მეთოდები არ უშველის, თუმცა ის, რაც მოხდა სულ რამოდენიმე ხნის წინ, როდესაც საზოგადოებამ ხმა აღიმაღლა და იქ, რა თქმა უნდა, იყო დასაგმობი და აბსოლუტურად შეუწყნარებელი ფაქტები, როდესაც ჟურნალისტს ურტყამ, შეურაცხყოფ და ასე შემდეგ, მაგრამ ასევე იყო უფრო მეტი და მასიურად, ჩვეულებრივი აღშფოთება, დაგმობა იმისა, რომ ჟურნალიზმი არ არის ეს, კრიტიკა ჟურნალისტებისადმი“, – განაცხადა წულუკიანმა.
კულტურის მინისტრის თქმით, ჟურნალისტები კრიტიკას უნდა შეეგუონ, რადგან „სხვა გზა არ აქვთ“.
„ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია ამას დავუპირისპიროთ... მარტო სიმართლე არ შველის. ამას შველის ის, რომ ჩვენ უნდა ხმა ავიმაღლოთ და ვუპასუხოთ. გადავწყვიტე, რომ იმიტომ, რომ მინისტრი ვარ და პოლიტიკაში ვარ თავი დავხარო, რასაც ყოველთვის ვაკეთებდი და ვიცავდი აბსოლუტურად ყველა იმ წესს, რომელიც უნდა დავიცვა, მაგრამ როცა მეორე მხარე არ იცავს არავითარ წესს, გამოდის, რომ ეს არის პროცესი წესების გარეშე და ვითამაშოთ წესების გარეშე. ეს მე გავტესტე კიდეც და ვითამაშე წესის გარეშე, რაც არ მოეწონათ, მაშინ ყველამ უნდა დავიცვათ წესი.
თუ ჟურნალისტი აშავებს, თუ ის იქცევა უმსგავსოდ (ხანდახან ამას სხვა სიტყვა ნამდვილად არ ჰქვია), ჩვენ გვაქვს პასუხის უფლება, მაგრამ ეს პასუხი ვერ იქნება ვერც ფიზიკური შეურაცხყოფა და მით უმეტეს, ვერც რაიმე ტიპის დამცირება და ფიზიკური ხელყოფა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
გადაცემის წამყვანმა, გია გაჩეჩილაძემ („უცნობი“) მინისტრს კიდევ ერთხელ ჰკითხა, ხომ არ ჯობია, კანონის ჩარჩობეში მოექცნენ ჟურნალიტები, რაზეც წულუკიანმა თქვა:
„რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ თუ კანონი არ არის საზოგადოებაში რაღაც ტიპის პროცესის შედეგი, ის კანონიო ვერ კანონობს. უფრო ეფექტიანი არის ის, რომ საზოგადოების წევრები შევთანხმდეთ, როგორ ვთანაცხოვრობთ, რა არის მედია. შემდეგ კანონსაც ჭრა ექნება, თორემ კანონის მიღება არ არის დიდი პრობლემა. კანონს უნდა იზიარებდეს ყველა.
მე გარკვეული რეგულაციების იდეას აბსოლუტურად ვემხრობი – იქნება ეს „ფეიკ ნიუსი“ თუ ვალდებულებების ნაწილის გამკაფიოება, რა არის საერთოდ ეს ჟურნალიზმი.
როგორც გითხარით, ევროპული კონვენციის მე-10 მუხლში წერია, რომ ინფორმაციის გავრცელებას თან ახლავს ვალდებულებები, რომ ეს ვალდებულებები ქართულ კანონში უფრო მკაფიოდ გაიწეროს, მაგრამ მთავარი მაინც არის ის, რომ ადამიანებმა მოაწესრიგონ საკუთარი ქცევა.
თუ მეორე ადამიანი სისტემატიურად ახორციელებს მცდელობას, რომ დამჩაგროს, მოდაშია ახლა ეს სიტყვა – დამაბულინგოს და გათვლა აქვს იმაზე, რომ მე თავჩაქინდრული ამას ვიტან, როგორც ძველად ჯარში რომ ხდებოდა, მე აღარ ვაპირებ ეს ავიტანო, იმიტომ, რომ არ მაქვს ამის ვალდებულება. წითელი ხაზები გადაკვეთილია, რომ მე ეს ავიტანო. მე ავიტანე ძალიან ბევრი, მათ შორის მომაკვდავ მშობელთან შევარდნა სკანდალის მიზნით, ოჯახზე, პირად ცხოვრებაზე შეტევები, ყველანირი ტიპის სიცრუე. ამას იტანს ჩემი ყველა კოლეგა, დღეში რამდენჯერმე“, – განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა წულუკიანმა.
5 ივლისს, თბილისში, საქართველოს საპატრიარქოს და ჰომოფობიური ჯგუფების მოწოდებით „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების – „ღირსების მარშის“ ჩატარების წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რაც მედიის წარმომადგენლების, სამოქალაქო აქტივისტებისა და გამვლელების მიმართ ძალადობაში გადაიზარდა. ძალადობის მსხვერპლი გახდა 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. მათგან რამდენიმე მძიმედ დაშავდა და მათ ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ერთ-ერთი დაშავებული ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის და არც ლაშქარავას სიკვდილის უშუალო მიზეზია დადგენილი, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქიმიური ექსპერტიზის შუალედურ დასკვნა გაასაჯაროვა, რომელზე დაყრდნობითაც მიუთითა, რომ მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირება. ოჯახი და ლექსო ლაშქარავას კოლეგები შსს-ს ამ ვერსიას არ იზიარებენ.