weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

5 ივლისს „ფორმულას“ ოპერატორზე ძალადობისთვის ორი პირი დააკავეს

13:08 პარასკევი, 30 ივლისი 2021

სამართალდამცველებმა 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს ტელეკომპანია ფორმულას ოპერატორისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისთვის ორი პირი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაკავებულები არიან 1991 წელს დაბადებული გ. გ. და 1989 წელს დაბადებული გ.ხ.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლას, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნას და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5-6 ივლისს მოვლენებთან დაკავშირებით სულ დაკავებულია 31 პირი, კერძოდ:

  • ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავებულია 27 პირი;
  • „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;
  • მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დაკავებულია 1 პირი.

„დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები“, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ამ დრომდე უწყებას არავინ დაუკავებია ძალადობის ორგანიზების ან ძალადობისკენ მოწოდების ბრალდებით.

5 ივლისს, თბილისში, საქართველოს საპატრიარქოს და ჰომოფობიური ჯგუფების მოწოდებით „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების – „ღირსების მარშის“ ჩატარების წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რაც მედიის წარმომადგენლების, სამოქალაქო აქტივისტებისა და გამვლელების მიმართ ძალადობაში გადაიზარდა. ძალადობის მსხვერპლი გახდა 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. მათგან რამდენიმე მძიმედ დაშავდა და მათ ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ერთ-ერთი დაშავებული ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის და არც ლაშქარავას სიკვდილის უშუალო მიზეზია დადგენილი, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქიმიური ექსპერტიზის შუალედურ დასკვნა გაასაჯაროვა, რომელზე დაყრდნობითაც მიუთითა, რომ მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირება. ოჯახი და ლექსო ლაშქარავას კოლეგები შსს-ს ამ ვერსიას არ იზიარებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]