weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლება პროცესების მიმართ უნდობლობას იწვევს – საია

16:23 ხუთშაბათი, 05 აგვისტო 2021

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), რომელიც გარდაცვლილი ლუკა სირაძის ოჯახის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ ყოფილი გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის პირობით ვადამდე გათავისუფლება მათთვის მოულოდნელი იყო.

საიას განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც ლუკა სირაძის საქმეზე ჯერ კიდევ არსებობს არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა და ოჯახი ელოდება საქმის სრულყოფილ, სამართლიან გამოძიებას, მსჯავრდებული გამომძიებლის გათავისუფლება პროცესების მიმართ უნდობლობას იწვევს.

„იმ პირობებში, როდესაც პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის გამოყენება საქართველოში როგორც წესი, დაუსაბუთებლად, ინდივიდუალური გარემოებების მხედველობაში მიუღებლად, გაჭიანურებულად მიმდინარეობს, უსამართლობის განცდას აჩენს და სამართლიან კრიტიკას იწვევს მარიანა ჩოლოიანის სწორედ ამ მექანიზმის გამოყენებით სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება.

მოვლენების ამგვარი განვითარება აჩენს განცდას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები შემწყნარებელნი არიან სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულის მიმართ, რომელსაც უდიდესი ტრაგედია მოჰყვა“, – აცხადებს საია.

15 წლის ლუკა სირაძე 2019 წლის დეკემბერში, პოლიციის განყოფილებაში „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო გამოკითხვაზე დაიბარეს. საიას განცხადებით, გამოკითხვა, რომელსაც მარიანა ჩოლოიანი წარმართავდა, თუმცა, მასში სხვა პოლიციელებიც მონაწილეობდნენ, ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ ჩატარდა. გამოკითხვის შემდგომ, ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა სცადა და მიღებული დაზიანებების შედეგად 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის მიმართ 2020 წლის 7 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

„პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩოლოიანს ჩვენების მიცემის იძულებისათვის 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, საქმე გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში და არსებობს სასჯელის დამძიმების შესაძლებლობა. მორიგი სხდომა სასამართლოში 9 აგვისტოს არის დანიშნული.

აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო ნაწილში კვლავ გრძელდება გამოძიება სხვა პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. ასევე, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც გულისხმობს პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას.

საია ოჯახის სახელით დღესვე მიმართავს შესაბამის უწყებებს და მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გამოითხოვს სრულ დოკუმენტაციას, რომლის გაცნობის შემდეგ საზოგადოებას დეტალურ შეფასებას გააცნობს“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებჰაში.

მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის, მერაბ ჩიქოვანის მტკიცებით, მსჯავრდებულის გათავისუფლება კანონის საფუძველზე მოხდა.

„პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ნებისმიერ პატიმართან მიმართებაში, გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ, სავალდებულოდ ხორციელდება მისი პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა. შესაბამისად,

პენიტენციური სამსახურის ადგილობრივმა საბჭომ იმსჯელა რა ამ საკითხზე, მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ, სასამართლომ კი ბათილად ცნო საბჭოს გადაწყვეტილება და საბჭოს საქმე კვლავ დაუბრუნდა განსახილველად.

ბათილად იქნა ცნობილი იმის გამო, რომ მარიანა ჩოლოიანის მიმართ კანონი იყო დარღვეული. ამის შემდეგ საბჭომ იმსჯელა და განხორციელდა კანონის დაცვა, რაც გამოიხატა მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლებაში“, – განაცხადა ადვოკატმა.

გარდაცვლილი ლუკა სირაძის ძმა, ბექა სირაძე მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლებას უსამართლობად და დაცინვად აფასებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]