weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ლუკა სირაძის საქმეზე მსჯავრდებულმა მარიანა ჩოლოიანმა საპატიმრო დატოვა

12:38 ხუთშაბათი, 05 აგვისტო 2021

ყოფილი გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც 2019 წლის დეკემბერში დააკავეს და 15 წლის ლუკა სირაძისთვის ჩვენების მიცემის იძულების გამო 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, საპატიმროდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა.

მარიანა ჩოლოიანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2020 წლის 7 სექტემბერს გამოიტანა. ადვოკატ მერაბ ჩიქოვანის განცხადებით, მსჯავრდებულის გათავისუფლება კანონის საფუძველზე მოხდა.

„პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ნებისმიერ პატიმართან მიმართებაში, გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ, სავალდებულოდ ხორციელდება მისი პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა. შესაბამისად, პენიტენციური სამსახურის ადგილობრივმა საბჭომ იმსჯელა რა ამ საკითხზე, მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ, სასამართლომ კი ბათილად ცნო საბჭოს გადაწყვეტილება და საბჭოს საქმე კვლავ დაუბრუნდა განსახილველად. ბათილად იქნა ცნობილი იმის გამო, რომ მარიანა ჩოლოიანის მიმართ კანონი იყო დარღვეული. ამის შემდეგ საბჭომ იმსჯელა და განხორციელდა კანონის დაცვა, რაც გამოიხატა მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლებაში“, – განაცხადა ადვოკატმა.

გარდაცვლილი ლუკა სირაძის ძმა, ბექა სირაძე მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლებას უსამართლობად და დაცინვად აფასებს.

15 წლის ლუკა სირაძე კორპუსის მე-9 სართულიდან 2019 წლის 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. სირაძეს პოლიცია „მწვანე სკოლის“ შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერის „ამ ცხოვრების დედაც“ გაკეთებას ედავებოდა.

მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე მხოლოდ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ჩვენების მიცემის იძულება) ჩადენა ედებოდა, რაც ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით, ხუთ წლამდე ვადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ისჯება.

ჩოლოიანის დაკავების შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, ლუკა სირაძე პოლიციაში გამოკითხვისთვის დაახლოებით ექვსსაათნახევარი, ღამის თორმეტის ნახევრამდე იმყოფებოდა და მარიანა ჩოლოიანმა მას უთხრა, თუ დანაშაულს არ აღიარებდა, მის ძმას, რომელიც სამხედრო აკადემიაში სწავლობდა, გარკვეული სახის პრობლემები შეექმნებოდა. სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, გამომძიებელმა არასრულწლოვანს, დაუპირისპირა პოლიციის განყოფილებაში დაბარებული სხვა მოწმეები, რომელთა შორის იყო როგორც სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ასევე სხვა არასრულწლოვნები.

ლუკა სირაძის დედის, ელიკო ჩხიტუნიძის განცხადებით, ბავშვზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების კიდევ 4-5 თანამშრომელი ახდენდა. ოჯახი მათ დასჯასაც ითხოვდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]