weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩოლოიანი საჩვენებლად ჩასვეს და პირველივე შესაძლებლობაზე გაათავისუფლეს – სიმონიშვილი

17:55 ხუთშაბათი, 05 აგვისტო 2021

„სრულყოფილად არ იყო გამოძიებული ყველა სამართალდამცველის მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაული. ერთადერთი ადამიანი დააკავეს და ის პირველივე შესაძლებლობისთანავე გაათავისუფლეს. ეს მოხდა სასამართლოს გავლით“, – განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარემ ლუკა სირაძის საქმეზე მსჯავრდებული ყოფილი გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

როგორც ნიკა სიმონიშვილი ამბობს, ჩოლოიანის პირობით ვადამდე გათავისუფლება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში სამართლიანი გამოძიება და სასამართლო არ არსებობს.

„სასამართლო არის პირდაპირ ლოიალური ხელისუფლებასთან. უბრალოდ, ერთ ადამიანზე გადატეხეს ჯოხი იმისთვის, რომ საჩვენებლად ჩაესვათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ძალიან მალევე გათავისუფლებულიყო“, – განაცხადა სიმონიშვილმა.

მისივე თქმით, ჩოლოიანის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება არის პირდაპირი წაქეზება ნებისმიერი დანაშაულისა, რომელიც სამართალდამცავებმა შეიძლება ჩაიდინონ.

„უსამართლობა საქმის გამოძიების ძალიან ბევრ სტადიაზე ვნახეთ. ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო იმასთან, რომ სახელმწიფომ ერთადერთ ადამიანზე გადატეხა ჯოხი და დააკავეს მხოლოდ მარიანა ჩოლოიანი. ვნახეთ, რომ სხვა ნაწილთან მიმართებით გამოძიება უბრალოდ არაეფექტური იყო. დააკავეს მხოლოდ ერთი ადამიანი ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით, მას მიუსაჯს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ჩვენც და ოჯახიც ვაპროტესტებდით და ვფიქრობდით, რომ ეს არ იყო სამართლიანი და სათანადო სასჯელი.

მაშინ, როდესაც აღნიშნული განაჩენი სააპელაციო სასამართლოში იყო გასაჩივრებული, ე.წ. უდომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანი ვადამდე გათავისუფლებულიყო“, – ამბობს საიას თავმჯდომარე.

მისივე თქმით, ე.წ. უდოს კომისია არ დაინტერესდა ლუკა სირაძის ოჯახის პოზიციით.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება და ხელისუფლების მხრიდან მორიგი უსამართლო ქმედება ლუკა სირაძის და მისი ოჯახის მიმართ“, – აღნიშნა ნიკა სიმონიშვილმა.

მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის, მერაბ ჩიქოვანის მტკიცებით, მსჯავრდებულის გათავისუფლება კანონის საფუძველზე მოხდა. როგორც ის ამბობს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს თავდაპირველი გადაწყვეტილება უარყოფითი იყო, რაც სასამართლოში გაასაჩივრეს. სწორედ სასამართლომ დაავალა კომისიას ჩოლოიანის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის ხელახლა განხილვა.

„ამის შემდეგ განხორციელდა კანონის დაცვა, რაც გამოიხატა მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლებაში“, – განმარტავს ადვოკატი.

საიას თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის თქმით, როგორც წესი, სასამართლო ასეთ საქმეებში პირდაპირ არ მიუთითებს მსჯავრდებულის გათავისუფლებაზე და ე.წ. უდოს შეეძლო სხვაგავარი გადაწყვეტილებაც მიეღო.

ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე დაკავებულ მარიანა ჩოლოიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლი წარუდგინეს, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს და 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით, 5 წლამდე ვადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ისჯება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოლოიანს მინიმალური სასჯელი – 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა, რომლის ვადა 2022 წლის დეკემბერში იწურებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]