weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ეს იყო საბოტაჟი და აუცილებლად მოჰყვება ზომები – თბილისის ვიცე-მერი

17:35 პარასკევი, 06 აგვისტო 2021

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის შეფასებით, დასუფთავების სამსახურში დასაქმებულების პროტესტი, რომელიც დილიდან მიმდინარეობს, უკანონოა და საბოტაჟს წარმოადგენს. როგორ ხმალაძე ამბობს, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თითოეულ მათ პრეტენზიაზე პასუხი იცოდნენ.

„მაინც ადგილი ჰქონდა უკანონო გაფიცვას. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს იყო უკანონო გაფიცვა, იმიტომ, რომ გაფიცვის ფორმა დადგენილია კანონმდებლობით, რომლის დაცვა ამ შემთხვევაში არ მომხდარა. უფრო მეტიც, ეს არ იყო გაფიცვა, ეს იყო თანამშრომლებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა – გარკვეულწილად, ეს იყო საბოტაჟი, რაც ჩვენთვის მიუღებელია და ამას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი ზომები“, – განაცხადა ხმალაძემ.

მისივე თქმით, გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნების თითქმის ყველა კომპონენტში მუშაობა მიმდინარეობდა.

„გარკვეული პროგრესი უკვე მიღებული გვაქვს. კერძოდ, გასული წლის დეკემბრიდან, მოხდა მათი ხელფასების 20%-იანი ზრდა, უნიფორმები შეძენილია, გარკვეული ტექნიკა უკვე განახლებულია, გარკვეული ნაწილის განახლებაზე მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ სესხი გამოყოფილია და ახალი სპეცტექნიკის შეძენის მიზნით რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების ტენდერი უნდა გამოცხადდეს.

ჩვენ, მუნიციპალიტეტმა ძალიან კარგად ვიცით, სად რა მდგომარეობა გვაქვს ტექნიკის განახლების კუთხით. მე პირადად ვთვლი, რომ ამაზე შეხსენება არ გვჭირდება. ამაზე მუდმივად ვმუშაობთ, ისევე, როგორც თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობებისა და გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით“, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.

დღეს დილიდან დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებასა და ნარჩენების გატანაზე პასუხისმგებელი კომპანიის, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა და კომპანიის ოფისთან აქციას მართავს. ისინი უკმაყოფილო არიან შეცვლილი სამუშაო გრაფიკით, ხელფასის ოდენობითა და სამუშაო პირობებით. აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნებია: ხელფასის 50%-ით მომატება, ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნება, ტრანსპორტის (ნაგავმზიდი ავტომანქანები) განახლება და სამუშაო უნიფორმის შეცვლა.

„დაგვაფასონ და ციყვებს ნუ გვეძახიან. საბუთებში, ჩვენზე, ვინც უკან მანქანაზე ვართ ჩამოკიდებული, წერია „ციყვი“. ტექნიკის შეცვლას ვითხოვთ იმიტომ, რომ 9-სიჩქარიანი მანქანით დავდივართ და ორი სიჩქარე აქვს – პირველი და „ზადნი“. ხან პროპერელი ძვრება, ხან საბურავი ქუჩაში მიმავალზე, ხან სიჩქარე, ხან „მატორი“ ჩერდება, ხან „ტროსები“ უწყდება, მთელ ქალაქში ნაგავი გასდის წურწურით“, – განაცხადა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილემ, დავით ფაჩულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დასაქმებულებს 2020 წლის პირველი დეკემბრიდან ხელფასი 125 ლარი გაეზარდათ. მისივე თქმით, ხელფასების ზრდა დასაქმებულების აქციამდეც განიხილებოდა.

„ეტყობა, ინფორმაცია კონკრეტულ ჯგუფებთან მივიდა და ეს სათავისოდ გამოიყენა მოწინააღმდეგე მხარემ. მიმდინარეობს ბიუჯეტის დაგეგმარება და მომავალი წლიდან თანამშრომლებს ისედაც ეზრდებოდათ ხელფასი და განიხილებოდა ეს საკითხი. მომავალი წლიდან აუცილებლად მოემატება ყველას ხელფასი“, – განაცხადა ფაჩულიამ.

„თბილსერვის ჯგუფის“ გაფიცული თანამშრომლები კომპანიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებზე ტელევიზიების დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა, მათი ინფორმაციით, ამაზე უარი ეთქვათ. ცოტა ხნის წინ თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაფიცული თანამშრომლების ნაწილმა აქცია შეწყვიტა და სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]