weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

შრომის ინსპექციას „თბილსერვისში“ დასაქმებულთა სამუშაო პირობების შემოწმებისკენ მოუწოდებენ

23:15 პარასკევი, 06 აგვისტო 2021

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ კომპანია „თბილსერვის ჯგუფის“ გაფიცულ თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებს და შრომის ინსპექციას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეამოწმოს დასაქმებულთა სამუშაო პირობები, „თბილსერვისს“ და თბილისის მერიას კი – შეისწავლოს პროტესტის მონაწილეთა წუხილები და დროულად გადადგას ნაბიჯები დასაქმებულების სამართლიანი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

ორგანიზაციის შეფასებთ, „თბილსერვისის“ თანამშრომელთა განცხადებებში იკვეთება შრომითი უფლებების და უსაფრთხოების არაერთი მძიმე დარღვევა, მათ შორის, ამორტიზებული ტექნიკითა და შეუსაბამო ეკიპირებით აღჭურვის პრობლემა.

„ამასთან, „თბილსერვისში“ დასაქმებულები აცხადებენ, რომ გაუმართავი ტექნიკა და არასათანადო ეკიპირება არაერთხელ გამხდარა საგანგაშო ინციდენტების მიზეზი, თუმცა კომპანია ამ მხრივ რესურსების გამოყოფაზე წლებია უარს აცხადებს.

„თბილსერვისის“ თანამშრომლებისთვის პრობლემურია სამუშაო რეჟიმის ცვლილებაც, Რომელიც მათი ინფორმირების და თანხმობის გარეშე მოხდა. ამ ცვლილების მიხედვითაც მათ ორიოთხსაათიანი ცვლის მაგივრად ერთ უწყვეტ რვასაათიან ცვლაში უწევთ მუშაობა. თუ ცვლილებამდე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს მუშაობა მხოლოდ დილის და საღამოს საათებში უწევდათ, ცვლილებების შემდეგ მათ მუშაობა სამუშაო დღის განმავლობაში უწევთ, როცა ქალაქი გადატვირთულია. ზაფხულის განმავლობაში დღის საათებში მუშაობას ქუჩების გადატვირთულობასთან ერთად ართულებს მაღალი ტემპერატურაც.

პროტესტის მონაწილეები ხელფასის 50%-ით გაზრდასაც ითხოვენ. ამჟამად დასაქმებულთა უმეტესი ნაწილის ანაზღაურება 800 ლარს არ აღემატება, რაც მათი ცხოვრებისეული ხარჯების დასაფარად საკმარისი არაა და არ შეესაბამება იმ საკვანძო მნიშვნელობის, ფიზიკურად მძიმე და საფრთხის შემცველ შრომას, რასაც ისინი ასრულებენ.

დასაქმებულები საუბრობენ სახელფასო პოლიტიკის უსამართლობაზეც და მიუთითებენ, რომ მათ არ ეძლევათ კუთვნილი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობაც, რითაც იკვეთება, რომ უხეშად ირღვევა საქართველოს შრომის კოდექსის ნორმები. ამასთან, „თბილისერვისში“ დასაქმებულები საუბრობენ ღირსების შემლახავ მოპყრობაზეც კომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

ორგანიზაციის შეფასებით, Საგანგაშო იყო თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილი ჰქონდა უკანონო გაფიცვას, ეს კი იმ პირობებში, როდესაც პროტესტში მონაწილე მშრომელები დღეს აცხადებდნენ, რომ შრომითი ხელშეკრულების შინაარსი, მათ შორის, მხარეთა პასუხისმგებლობები, უფლებები და მოვალეობები მათთვის უცნობია.

6 აგვისტოს, დილით, დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებასა და ნარჩენების გატანაზე პასუხისმგებელი კომპანიის, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა და კომპანიის ოფისთან აქციას გამართა. ისინი უკმაყოფილო არიან შეცვლილი სამუშაო გრაფიკით, ხელფასის ოდენობითა და სამუშაო პირობებით.

„დაგვაფასონ და ციყვებს ნუ გვეძახიან. საბუთებში, ჩვენზე, ვინც უკან მანქანაზე ვართ ჩამოკიდებული, წერია „ციყვი“. ტექნიკის შეცვლას ვითხოვთ იმიტომ, რომ 9-სიჩქარიანი მანქანით დავდივართ და ორი სიჩქარე აქვს – პირველი და „ზადნი“. ხან პროპერელი ძვრება, ხან საბურავი ქუჩაში მიმავალზე, ხან სიჩქარე, ხან „მატორი“ ჩერდება, ხან „ტროსები“ უწყდება, მთელ ქალაქში ნაგავი გასდის წურწურით“, – განაცხადა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნებია: ხელფასის 50%-ით მომატება, ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნება, ტრანსპორტის (ნაგავმზიდი ავტომანქანები) განახლება და სეზონის შესაბამისად სამუშაო უნიფორმის შეცვლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]