weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ორსული რაც უფრო ადრე აიცრება, უფრო მეტი შანსია, რომ იყოს დაცული ბოლოში – ბოჭორიშვილი

11:03 ოთხშაბათი, 11 აგვისტო 2021

საფრანგეთის ქალაქ კლერმონ-ფერანის საუნივერსიტეტო კლინიკის მეან-გინეკოლოგის, რევაზ ბოჭორიშვილის განცხადებით, ორსულები კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აუცილებლად უნდა აიცრან და ამისთვის ყველაზე ოპტიმალური პერიოდი მეათე კვირიდან იწყება.

როგორც რევაზ ბოჭორიშვილმა განაცხადა, დღეს უკვე დაგროვდა მონაცემები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ორსულებში, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში, ბევრად უფრო მძიმედ შეიძლება მიმდინარეობდეს კოვიდი – იზრდება გართულებების, დედისა და ბავშვის სიკვდილობის რისკი.

„დღეს, მგონი, ყველამ იცის, თუ რას იწვევს კოვიდი. ის იწვევს ფილტვების დაზიანებას, სხვა ორგანოებთან ერთად, ეს ამცირებს ორგანიზმის გაჯერებას ჟანგბადით, რასაც სატურაციას ეძახიან და შესაბამისად, ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება ნაყოფსაც. ამიტომ ორივე – დედაც და ბავშვიც – არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, თუ კოვიდი დაემართა. ამისგან ერთადერთი დაცვა არის აცრა, უფრო სწორად, აცრა სხვა წესების დაცვასთან ერთად – ორსულმა მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავი საჯარო შეკრებებს, შეხვედრებს და ა.შ. უნდა დაიცვას ეს ბარიერული წესები და რაც მთავარია, აიცრას. დღემდე გაურკვევლობა იყო ამ საკითხზე. დღეს, უმეტეს განვითარებულ ქვეყნებში არის ცალსახად ნათქვამი, რომ ორსული უნდა აიცრას პირველი ტრიმესტრიდან ბოლო ტრიმესტრამდე, რაც უფრო ადრე აიცრება, უფრო მეტი შანსია, რომ იყოს დაცული ბოლოში. ამიტომ ყველაზე ოპტიმალური პერიოდი ეს არის სადღაც მეათე კვირიდან დაწყებული აცრების ჩატარება“, – განაცხადა რევაზ ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

გუშინ, ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსით გარდაიცვალა 28 წლის ქალი, რომელიც 7 თვის ორსული იყო. კლინიკის რანიმაციული განყოფილების უფროსის, ტარიელ კუხიანიძის განცხადებით, პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში 30 ივლისს, ორმხრივი პნევმონიითა და სუნთქვის უკმარისობით შეიყვანეს.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ორსულების აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით არის შესაძლებელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]