როგორც რევაზ ბოჭორიშვილმა განაცხადა, დღეს უკვე დაგროვდა მონაცემები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ორსულებში, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში, ბევრად უფრო მძიმედ შეიძლება მიმდინარეობდეს კოვიდი – იზრდება გართულებების, დედისა და ბავშვის სიკვდილობის რისკი.
„დღეს, მგონი, ყველამ იცის, თუ რას იწვევს კოვიდი. ის იწვევს ფილტვების დაზიანებას, სხვა ორგანოებთან ერთად, ეს ამცირებს ორგანიზმის გაჯერებას ჟანგბადით, რასაც სატურაციას ეძახიან და შესაბამისად, ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება ნაყოფსაც. ამიტომ ორივე – დედაც და ბავშვიც – არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, თუ კოვიდი დაემართა. ამისგან ერთადერთი დაცვა არის აცრა, უფრო სწორად, აცრა სხვა წესების დაცვასთან ერთად – ორსულმა მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავი საჯარო შეკრებებს, შეხვედრებს და ა.შ. უნდა დაიცვას ეს ბარიერული წესები და რაც მთავარია, აიცრას. დღემდე გაურკვევლობა იყო ამ საკითხზე. დღეს, უმეტეს განვითარებულ ქვეყნებში არის ცალსახად ნათქვამი, რომ ორსული უნდა აიცრას პირველი ტრიმესტრიდან ბოლო ტრიმესტრამდე, რაც უფრო ადრე აიცრება, უფრო მეტი შანსია, რომ იყოს დაცული ბოლოში. ამიტომ ყველაზე ოპტიმალური პერიოდი ეს არის სადღაც მეათე კვირიდან დაწყებული აცრების ჩატარება“, – განაცხადა რევაზ ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
გუშინ, ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსით გარდაიცვალა 28 წლის ქალი, რომელიც 7 თვის ორსული იყო. კლინიკის რანიმაციული განყოფილების უფროსის, ტარიელ კუხიანიძის განცხადებით, პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში 30 ივლისს, ორმხრივი პნევმონიითა და სუნთქვის უკმარისობით შეიყვანეს.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ორსულების აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით არის შესაძლებელი.