weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

თბილისში 7 თვის ორსული კორონავირუსით გარდაიცვალა

13:32 ოთხშაბათი, 18 აგვისტო 2021

თბილისში, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული 7 თვის ორსული გარდაიცვალა. 30 წლის ქალმა აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებას 27 ივლისს მიმართა, 16 აგვისტოდან კი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორის, ალექსი ვაჩაძის განცხადებით, ორსული ვაქცინირებული არ ყოფილა.

„პაციენტი კლინიკაში შემოვიდა 27 ივლისს, მოვიდა სახლიდან (არ გადმოსულა სხვა კლინიკიდან/დაწესებულებიდან). კორონავირუსით დაავადების სტატუსი ტესტით იყო დადგენილი. არ იყო აცრილი. თავდაპირველად მოთავსდა თერაპიულ განყოფილებაში, სადაც გადიოდა პროტოკოლიზებულ მკურნალობას. 12 აგვისტოდან ნელ-ნელა გამოეხატა დესატურაციები,ანუ სისხლში ჟანგბადის ნაკლებობა, გახდა ჟანგბადზე დამოკიდებული. დავიწყეთ ჟანგბადის მიწოდება და გვქონდა სტაბილური, საკმაოდ კარგი ციფრები - სატურაცია იყო 97-93, თუმცა, სამწუხაროდ, ნელ-ნელა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და 16 აგვისტოს გოგონა გადავიდა სრულად მართვით სუნთქვაზე. მიუხედავად ჩვენი სარეანიმაციო გუნდის ბევრი მცდელობისა, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ალექსი ვაჩაძემ.

ორსულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემაც უპასუხა. მისი თქმით, „კოვიდ 19“ საკმაოდ რთული ინფექციაა, რომელიც ორსულებისთვის, ისევე როგორც სხვა ადამიანებისთვის, მაღალ რისკს წარმოადგენს და სხვადასხვა გართულება შეიძლება გამოიწვიოს.

„აქ არ არის ექიმების ან კლინიკის კვალიფიკაციაზე საუბარი. როგორც წესი, დაავადება მიმდინარეობს არაერთგვაროვნად, იწვევს სხვადასხვა გართულებებს და ჩვენდა სამწუხაროდ, ვაკვირდებით, რომ ყველა პაციენტის გადარჩენა ვერ ხერხდება. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაში ყველა ექიმი მაქსიმალურად არის ჩართული და ეს მობილიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით უმაღლეს დონეზეა აყვანილი. კლინიკური ჯგუფი მუდმივ კომუნიკაციაში არის ყველა კლინიკასთან, ჩვენ ვცდილობთ, რომ იყოს ცენტრალიზებული მონიტორინგი ყველა კლინიკაში პაციენტების მართვის ხარისხის კუთხით და დარწმუნებული ვარ, ექიმებმა გააკეთეს მაქსიმუმი, თუმცა შედეგი არ დადგა“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

არსებული ინფორმაციით, პანდემიის დაწყების შემდეგ, ეს კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის გარდაცვალების მეხუთე შემთხვევაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ორსულებს ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]