weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სააპელაციო სასამართლომ ზურაბ ზვიადაური პატიმრობაში დატოვა

13:50 ოთხშაბათი, 25 აგვისტო 2021

თბილისის სააპელაციო სასამართლომ წინანდლის ტყეში, 27 წლის ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაპატიმრებული ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატების საჩივარი განუხილველი დატოვა. ადვოკატები თელავის რაიონული სასამართლოს 18 აგვისტოს განჩინებას ასაჩივრებდნენ, რომლითაც ზვიადაურს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ტარიელ მურმანიშვილის განცხადებით, მათი მოთხოვნაა, რომ სასამართლოს ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების გარეშე დაეტოვა, ალტერნატივის სახით კი მოსამართლეს 50 ათასი ლარის ოდენობით გირაო ან ცნობილი ადამიანების, მათ შორის, ოლიმპიური ჩემპიონების პირადი თავდებობა შესთავაზეს. ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლომ პირადი თავდებობა მიზანშეუწონლად მიიჩნია.

„სააპელაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელა და აბსურდული უარი გვითხრა საქმის განხილვაზე. რასაც ჩვენ ვდაობდით და ვამბობდით, რომ უკანონოა, ის საკითხები კი არ განიხილა, განიხილა სხვა საკითხები, რომლებიც ჩვენს დავასთან შემხებლობაში არ იყო. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა“, – განაცხადა მურმანიშვილმა.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. ტარიელ მურმანიშვილის თქმით, ზურაბ ზვიადაურთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტენ, მიმართავენ თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

16 აგვისტოს, საღამოს, წინანდლის ტყეში ორმხრივი სროლის შედეგად 3 ადამიანი მოკლეს - ზვიად ზვიადაური (ზურაბ ზვიადაურის ძმა), ვასილ ცოცხალაშვილი და ნიკა კენჭოშვილი. დაიჭრნენ ზვიად მაისურაძე და ანზორ შამრელაშვილი.

საქმის მასალების მიხედვით, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, დაახლოებით 11 საათზე, ზვიად მაისურაძეს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ვახტანგ კვანტალიანთან, რაც გადაიზარდა ჩხუბში, რაშიც ჩაერთნენ ზვიად მაისურაძის ახლობლები - იქ მყოფი ჯაბა ჯანგირაშვილი, ლევან მაისურაძე და სხვები. ჩხუბით განაწყენებულმა ჯაბა ჯანგირაშვილმა მომხდარის შესახებ აცნობა მეგობარ ზვიად ზვიადაურს და სთხოვა დახმარება. ვახტანგ კვანტალიანი 17:00 საათისთვის დაიბარეს ჩხუბის მიზეზის გასარკვევად. დათქმულ დროს მითითებულ ადგილზე მივიდნენ ზვიად ზვიადაური, ვასილ ცოცხალაშვილი, ანზორ შამრელაშვილი და სხვები, ასევე, ზვიად ზვიადაურის ძმა ზურაბ ზვიადაური. ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ვასილ ცოცხალაშვილმა ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნიკა კენჭოშვილის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ვასილ ცოცხალაშვილი და ზვიად ზვიადაური ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზვიად მაისურაძე და ანზორ შამრელაშვილი სხეულის სხვადასხვა არეში დაიჭრნენ. მომხდარი დაპირისპირებისას, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზურაბ ზვიადაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის დროს სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.

ზურაბ ზვიადაურმა ზვიად ზვიადაური და ვასილ ცოცხალაშვილი თელავის რეფერალურ ჰისპიტალში გადაიყვანა, თუმცა საავადმყოფოში შეყვანისას ორივე გარდაცვლილი იყო. კლინიკაში შეიყვანეს ნიკა კენჭოშვილიც, ისიც დაღუპული იყო.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ზვიადაურს 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ამავე საქმეზე დაკავებულია ზვიადაურების მეგობარი და ახლობელი ჯაბა ჯანგირაშვილი, ბრალდება მას სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარედგინა (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია), რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

თელავის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე ზვიადაურს თავდებში დაუდგნენ ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი ლაშა ბექაური, მსოფლო ჩემპიონი, ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი და „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის ყოფილი წევრი ზაქარია ქუცნაშვილი. ადვოკატმა განაცხადა, რომ თავდებობის მზაობა ჰქონდათ ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს და ძიუდოისტ ვარლამ ლიპარტელიანსაც.

თელავის რაიონულ სასამართლოში საქმეზე წინასასამართლო სხდომა 8 ოქტომბერს გაიმართება.

 

ამ თემაზე:

თელავის სასამართლომ ზურაბ ზვიადაურს პატიმრობა შეუფარდა

ზვიადაური რომ გაქცეულიყო ან პოლიციაში დაერეკა, ვეღარ ვიძმაკაცებდი - ჭრიკიშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]