weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

როცა ყველა სხვა სექტორი გახსნილია, რატომ უნდა იყოს სკოლები დაკეტილი? – UNICEF

15:58 სამშაბათი, 31 აგვისტო 2021

„UNICEF-ი ჯერ კიდევ გასული წლიდან ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სკოლები უნდა იყოს პირველი, რაც გაიხსნება და ბოლო, რაც დაიხურება. უამრავი მტკიცებულებაა, რომ დახურული სკოლების პირობებში ბავშვები განიცდიან არა მხოლოდ აკადემიურ რეგრესს, არამედ ეს ასევე უარყოფით გავლენას ახდენს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, სოციალურ კავშირებსა და სოციალურ უნარებზე“, – განაცხადა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა, ღასან ხალილიმ.

ღასან ხალილის თქმით, ასევე დამტკიცებულია, რომ სკოლები არ წარმოადგენს დაავადების გავრცელების მთავარ კერას. UNICEF-ის წარმომადგენელი გამოეხმაურა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიდგომას, რომლის მიხედვითაც, სკოლა იმ შემთხვევაში ჩაითვლებოდა უსაფრთხოდ, თუ იქ დასაქმებული პერსონალის 80% აიცრებოდა.

„სხვა სპეციფიური პროფესიული ჯგუფებისთვის არის თუ არა ვაქცინაციის კონკრეტული პროცენტული მაჩვენებლის მოთხოვნა? მაშ, რატომ უნდა მოვითხოვოთ ეს მხოლოდ სკოლებისთვის? როცა ყველა სხვა სექტორი გახსნილია, რატომ უნდა იყოს სკოლები დაკეტილი? გვიფიქრია ათასობით ბავშვის შესახებ, რომელთაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე? როგორ მიიღებენ ასეთი ბავშვები განათლებას? ისინი მას ვერ მიიღებენ და ეს უზარმაზარ პრობლემას შეუქმნის ათასობით ბავშვს, რომელსაც არ ექნება საშუალება, მიჰყვეს ონლაინ განათლებას.

საქართველოს ბევრ რეგიონში ვიყავი, სადაც ბავშვებს ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ. ბოლოს მესტიაში ვიყავი, სადაც ბავშვებმა მითხრეს, რომ ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ. როგორ მიჰყვებიან ისინი ამ ონლაინ განათლებას? ასე რომ, ამ ბავშვებზეც ვიფიქროთ.

ამას გარდა, დიფერენცირებული მიდგომაც უნდა გავითვალსწინოთ: „კოვიდ 19“ ყველა რეგიონში ერთნაირად არის გავრცელებული? არის სოფლები, სადაც დადებითობის მაჩვენებელი ძალიან, ძალიან დაბალია. მაშ, რატომ არ შეუძლიათ ამ სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს სკოლაში სიარული? ყველა ეს კითხვა ისმის იმისთვის, რომ გადაიხედოს გადაწყვეტილება ონლაინ განათლების შესახებ, რომელიც ამდენი ბავშვისთვის ხელმიუწვდომელია, რომ აღარაფერი ვთქვათ განათლების ხარისხზე, რომელიც უარესდება ონლაინ სწავლების დროს“, – განაცხადა ღასან ხალილიმ.

მისივე თქმით, მასწავლებლების ვაქცინაციის მიზნით, UNICEF-მა განათლების სამინისტროსთან ერთად სამთვიანი ინტენსიური გეგმა შეიმუშავა: „სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა ავიცრათ, რათა დავიცვათ საკუთარი თავები, ჩვენი საყვარელი ადამიანები, ბავშვები და მთლიანად საზოგადოება და არა სკოლები დავხუროთ, რაც უარყოფითად იმოქმედებს ბავშვების აკადემიურ მოსწრებაზე და მათ კეთილდრეობაზე, ასევე, მთლიანად საზოგადოების ფუნქციონირებაზე“.

სკოლებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება დღეს მიიღო. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე სკოლებში სწავლება დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში წარიმართება. იმ ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც კორონავირუსზე ტესტდადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბლა ჩამოვა, 4 ოქტომბრიდან დისტანციური რეჟიმი მოიხსნება და სწავლა სასკოლო ოთახებში, დასწრებულ ფორმატში გაგრძელდება.

რაც შეეხება მასწავლებელთა ვაქცინაციას, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, დღეისთვის საქართველოში მასწავლებელთა 46%-ია აცრილი. მისი განმარტებით, სკოლაში მასწავლებლების 100%-იც რომ იყოს აცრილი, თუ სკოლა მდებარეობს იმ ქალაქში, სადაც „ინფიცირების მაჩვენებელი“ 4%-ზე მეტია, სკოლაში ვირუსის შესვლის საშიშროება მაღალი რჩება.

„მთავარი კრიტერიუმი არის ბავშვების ჯანმრთელობა. ამიტომ არის ეს 4%-იანი წყალგამყოფი. ამ კიტერიუმით ვსარგებლობდით მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო. UNICEF-ი ამას სრულად იზიარებს და მინდა გითხრათ, რომ როგორც კი 4%-ზე ქვემოთ ჩამოვა მაჩვენებელი, ბავშვები დაბრუნდებიან საკლასო ოთახებში, რისი მზაობაც სასკოლო სისტემას აქვს და იქ ზედმიწევნით იქნება დაცული სამედიცინო პროტოკოლი“, – განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით 79 ადამიანი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში ინფიცირების 4778 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და კახეთშია. ქვეყნის მასშტაბით ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 10.92%-ია, ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 10.26%-ს შეადგენს, ხოლო 7 დღის – 9.76%-ს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]