weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

„ნამახვანჰესის კონტრაქტის შეფასებაში მინისტრის მოადგილესთან აფილირებული კომპანია ერთვება“

13:14 ორშაბათი, 13 სექტემბერი 2021
ფოტოზე - თამარ ტყეშელაშვილი ფოტოზე - თამარ ტყეშელაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, საქართველოს იუსტიციის სამინიტროს მიერ ნამახვანჰესის ხელშეკრულების ხელახალი შეფასებისთვის შერჩეული საერთაშორიო იურიდიული ფირმის „CMS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP“-ის ადგილობრივი კონსულტანტი იუსტიციის მინისტრის მოქმედ პირველ მოადგილესთან, თამარ ტყეშელაშვილთან მჭიდროდ დაკავშირებული იურიდიული კომპანია იქნება. ტყეშელაშვილი იუსტიციის სამინისტროში თანამდებობაზე მიმდინარე წლის ივლისში დაინიშნა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, „CMS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP“-ის ადგილობრივი კონსულტანტი, რომელიც მას საქართველოს კანონმდებლობის საკითხებზე კონსულტირებას გაუწევს და ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას დაადგენს, იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“ (MKD) იქნება.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული კომპანიის მიუკერძოებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. განვმარტავთ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილე, თამარ ტყეშელაშვილი წლების განმავლობაში იყო MKD-ს იურისტი და პარტნიორი; უფრო ზუსტად კი, მინისტრის მოადგილე აღნიშნულ კომპანიაში 2005 წლიდან მუშაობდა, ხოლო 2020 წლის სექტემბრის ჩათვლით (2019 წლიდან) იყო კომპანიის პარტნიორი.

მიგვაჩნია, რომ ნამახვანის ხელშეკრულების შეფასებაში იმ იურიდიული კომპანიის ჩართვა, რომელთანაც იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს 15-წლიანი პროფესიული ურთიერთობა აკავშირებს, უკიდურესად პრობლემურია და პრაქტიკულად არ ტოვებს პროცესისადმი ნდობის უმცირეს შანსსაც კი.

თვეების განმავლობაში ნამახვანის ხელშეკრულება და მისი შინაარსი იყო უმწვავესი საზოგადოებრივი დისკუსიის საგანი და იმის ნაცვლად, რომ იუსტიციის სამინისტროს მაქსიმალურად სანდო და მიუკერძოებელი სუბიექტის ჩართულობა უზრუნველეყო, ხელშეკრულების შეფასებაში რთავს მინისტრის მოადგილესთან მჭიდროდ აფილირებულ კომპანიას, რითაც გარკვეულწილად, ადასტურებს იმასაც, რომ სამინისტრო, რომელიც თავად არის ნამახვანის ხელშეკრულებაზე კრიტიკული დასკვნის ავტორი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი კომპანიისგან მწვავე შეფასებას ელოდა და სწორედ ამიტომ, კიდევ ერთი კრიტიკული დასკვნის თავიდან ასარიდებლად ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება მინისტრის პირველ მოადგილესთან დაახლოებულ იურიდიულ კომპანიას მიანდო“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

ამასთან, ორგანიზაციის განმარტებით, ზემოთ ხსენებულ იურიდიულ ფირმასა და იუსტიციის სამინისტროს შორის გაფორმებულ ხელშეკრულების თანახმად, ნამახვანის ხელშეკრულების შეფასება FIDIC-ის სტანდარტებთან მიმართებით წარიმართება, რაც „სოციალური სამართლიანობის ცენტრისთვის“ ბუნდოვანი და გაუგებარია.

„ბუნდოვანია, საერთოდ რა იგულისხმება ფრაზაში „FIDIC-თან მიმართებით“, ან რა კონკრეტული სტანდარტები შეიძლება მოიაზრებოდეს აღნიშნულში. FIDIC-ის („კონსულტანტი ინჟინრების საერთაშორისო ფედერაცია“ (ფრ.)) შაბლონური კონტრაქტები (არსებობს რამდენიმე ტიპის კონტრაქტი), რომელთა შეძენა და გამოყენება შეუძლიათ ხელშეკრულების მხარეებს, როგორც წესი, გამოიყენება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობისას, როდესაც პროექტი ხორციელდება შესყიდვის გზით. ნამახვანი ჰესის პროექტი წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო „ენკასგან“ პროექტირების და მშენებლობის (Design and Build) მომსახურებას კი არ შეისყიდის (რა შემთხვევაშიც რელევანტური იქნებოდა FIDIC-ის კონტრაქტები), არამედ „ენკა“ კერძო პარტნიორია, რომელიც საინვესტიციო პროექტს ახორციელებს. საქართველოში FIDIC-ის ტიპის კონტრაქტები გამოიყენება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების (ძირითადად, საგზაო ინფრასტრუქტურა) მშენებლობის მომსახურების შესყიდვისას და იგი გამოყენებული არ ყოფილა არც ნამახვანის და არც სხვა რომელიმე ენერგეტიკული პროექტის ხელშეკრულების შედგენისას და, ამდენად, აბსოლუტურად გაუგებარი და ბუნდოვანია, რატომ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად ნამახვანის ხელშეკრულების FIDIC-თან შედარება და, რაც მთავარია, როგორ უნდა შედარდეს ორი პრინციპულად განსხვავებული სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ხელშეკრულებები, სადაც მხარეებიც კი განსხვავებულია“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

ამ ფონზე, ორგანიზაცია საგანგაშოდ აფასებს იმას, რომ იუსტიციის სამინისტრო აღნიშნული საერთაშორისო იურიდიული ფირმისგან ნამახვანჰესის ხელშეკრულებაზე დასკვნის მოსაპოვებლად 224 000 ლარს ხარჯავს.

„პარალელურად, კი ენერგოგაერთიანების მედიაციის პროცესში უკვე მიღწეულია შეთანხმება ნამახვანის ხელშეკრულების ენერგოგაერთიანების (ფინანსური და ადამიანური) რესურსით შეფასებასთან დაკავშირებით, რის გამოც უსტიციის სამინისტროს მიერ ხელახალი შეფასებისთვის იურიდიული კომპანიის ამგვარი პირობებით დაქირავება მედიაციის პროცესში ჩართული ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის აბსოლიტურად მიუღებელი ფაქტია და სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას წარმოადგენს“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინიტრომ ნამახვანჰესის ხელშეკრულების შესაფასებლად იურიდიული ფირმა გამარტივებული წესით და კონკურენტული ტენდერის გარეშე, შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლების არსებობის გარეშე შეირჩა, რითაც უხეშად დაირღვა საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის მოთხოვნები. შერჩევის პროცესის შესახებ საჯარო ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო უკანონოდ მალავდა, რის გამოც „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ სასამართლოსაც მიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]