weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

იუსტიციის სამინისტრომ ნამახვანჰესის ხელშეკრულების შემსწავლელი კომპანია შეარჩია

15:05 ხუთშაბათი, 09 სექტემბერი 2021

„ნამახვანჰესის“ პროექტის შესახებ სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას საერთაშორისო იურიდიული კომპანია – CMS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP შეისწავლის. 

იუსტიციის სამინისტრომ ხელშეკრულების სამართლებრივი შეფასებისა და სამართლებრივი მოსაზრების მომზადებისთვის კვალიფიციური საერთასორისო კომპანიის შესარჩევად ტენდერი ივნისში გამოაცხადა. სამინისტროს განცხადებით, არჩევანი CMS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP-ს სასარგებლოდ მის მიერ დასახლებული მნიშვნელოვნად განსხვავებული ფასის (დაბალი) შესაბამისად გაკეთდა.

„ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ“ ხელშეკრულების საერთაშორისო პრაქტიკასთან შედარებით სამართლებრივი ანალიზის განსახორციელებლად შერჩეული საერთაშორისო იურიდიული კომპანია – CMS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP (შემდეგში – „CMS“) წარმოადგენს ლიდერ საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომლის ფილიალები განთავსებულია მსოფლიო მასშტაბით – 40-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანიას ჰყავს 1 100 პარტნიორი და 5000-მდე იურისტი; ხოლო, კონკრეტულად ენერგეტიკული მიმართულებით, იგი აერთიანებს 400-ზე მეტ გამოცდილ და კვალიფიციურ იურისტს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ CMS დასახელებულია როგორც საუკეთესო კომპანია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Projects & Energy მიმართულებით. კომპანია 30 წელზე მეტია კონსულტაციას უწევს როგორც ბიზნესის, ისე, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ჩართულია სხვადასხვა სამართლებრივი საკითხების მოგვარებაში. იგი 2021 წელს დასახელებული იქნა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წლის ფირმად (CEE Law Firm of the Year). ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ CMS გააჩნია ხანგრძლივი და ფართო გამოცდილება განახლებადი ენერგიის სფეროში მთელს ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ“, – აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

უწყება აღნიშნავს, რომ იურიდიული კომპანიის გამოცდილება მოიცავს ენერგეტიკული პროექტების ფართო სპექტრს, ჰიდროენერგეტიკის (Hydropower) ჩათვლით. კომპანია, ასევე, ჩართული იყო მეზობელ ქვეყნებში - აზერბაიჯანსა და რუსეთში - განხორციელებულ ენერგეტიკულ პროექტებში.

„კომპანია პროექტის სამართლებრივი ასპექტების შესასწავლად წარმოდგენილია ენერგეტიკის სფეროში მაღალკვალიფიციური თანამშრომლებისაგან რომლებიც, ასევე, არიან CMS პარტნიორებიც. ამ ეტაპზე, „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ“ ხელშეკრულების შესწავლასთან დაკავშირებულ სამუშაოებს ასრულებს კომპანიის CMS-ს ლონდონის ოფისის გუნდი, რომლებსაც მოცემულ სფეროში მდიდარი გამოცდილება აქვთ“, – აცხადებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

ნამოხვანის ჰესების კასკადი ორ ჰესს მოიცავს - ზემო ნამოხვანი ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ქვემო ნამოხვანი ჰესს - 324 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ზემო ნამოხვანი

მდინარე რიონზე ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს, შპს „ენკა რინიუებლზს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 25 აპრილს გაფორმდა, თუმცა მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვალში გასაჯაროვდა. არასამთავრობო სექტორის შეფასებით, კონტრაქტი კაბალურია და მასში სახელმწიფო ინტერესები კომპანიის სასარგებლოდ არის დათმობილი.

იუსტიციის სამინისტრომ ხელშეკრულების პროექტი ორი წლის წინ შეისწავლა, თუმცა უწყება საკუთარ დასკვნას არ ასაჯაროებდა. დოკუმენტი გამოცემა „მთის ამბებმა“ მოიპოვა და 25 მაისს გამოაქვეყნა. დასკვნა 22 კრიტიკულ შენიშვნას მოიცავს, რომელთა უმრავლესობა ხელშეკრულების დადებისას მთავრობამ არ გაითვალისწინა. აღნიშნულ დასკვნას ხელს მიხეილ სარჯველაძე აწერდა, რომელიც დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა, 2019 წელს კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. როგორც ის განმარტავს, სამინისტროს შენიშვნები მხარეებს შორის მოლაპარაკების საგანია და მათი ნაწილი ხელშეკრულებაში აისახა. ამასთან ის ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროს შენიშვნებს შორის არც ერთი იყო ისეთი, რომელიც „ხელშეკრულების დადების თაობაზე ეჭვს გამოთქვამს“.

ჰესის კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ზემო ნამოხვანი ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვემო ნამოხვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში, რის შედეგადაც 500 ჰექტარზე მეტი დაიტბორება. ქვემო ნამოხვანის ჰესისთვის ასევე დაგეგმილია 4400 მეტრი სიგრძის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

 

ამ თემაზე:

რა ხდება ნამახვანჰესის გარშემო - მედიაციის გაუხმაურებელი დეტალები

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]