weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

მოძრაობამ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ნამახვანჰესზე მედიაციის პროცესი დატოვა

14:48 პარასკევი, 17 სექტემბერი 2021

საზოგადოებრივმა მოძრაობამ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“, რომელიც ათ თვეზე მეტია უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებს რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით ჰესის მოწინააღმდეგეებსა და მთავრობას შორის მიმდინარე მედიაცია დატოვა.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აცხადებს, რომ მათ მიერ მედიაციის პროცესის დასაწყებად დაყენებული წინაპირობები არ შესრულდა და ხელისუფლებამ დააპირა, მედიაციის პროცესი პროტესტის ჯერ შესარბილებლად და შემდეგ დასაშლელად გამოიყენოს.

„აუცილებელ წინაპირობებად ჩვენ დავასახელეთ სამი საკითხი: პროტესტის მონაწილეთა დევნის შეწყვეტა და ხეობაში მათი თავისუფალი გადაადგილების აღდგენა, თავდაპირველ ადგილზე პროტესტის თავისუფალი გამოხატვის შესაძლებლობა და კომპანია „ენკას“ მიერ წარმოებული სამუშაო პროცესის შეჩერება.

სრულიად გამოირიცხა კომპანია „ენკას“ მიერ სამუშაოების შეჩერების შესაძლებლობა, მეტიც დანარჩენი პირობების შესრულების სანაცვლოდ ხელისუფლებამ მოითხოვა პროტესტის მონაწილეებს საჯაროდ დაგვედო პირობა, რომ კომპანიის მუშა პროცესს არ შევაფერხებდით. ჩვენ, რასაკვირველია, განვმარტეთ რომ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები, როგორიცაა გადაადგილების თავისუფლება და პროტესეტის თავისუფლება, ვაჭრობის საგანი ვერ იქნება, ხოლო რაც შეეხება საჯარო პირობას, რომ კომპანია „ენკას“ ხელს არ შევუშლით, მივიჩნევთ, რომ უცნაურია, პროტესტს მოსთხოვო უარი თქვას მის ძირითად შინაარსზე - ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო და არის, მშვიდობიანი გზებით ხელი შევუშალოთ უკანონო მშენებლობის პროცესს, რასაც ახორციელებს თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზი“ რიონის ხეობაში“, – აცხადებს რიონის ხეობის გადარჩენის მოძრაობა.

მათივე თქმით, ერთადერთი პირობა, რომელიც ფორმალურად შესრულდა, ლითონის ბარიკადების დემონტაჟი იყო, თუმცა ამათ პროტესტის მონაწილეებისთვის არსებითად არაფერი შეცვლილა და დღესაც შეზღუდული აქვთ ხეობაში თავისუფლად გადაადგილება.

„არ მოგვეცა პროტესტის თავდაპირველ ადგილას დაბრუნების საშუალება, იმ მოტივით, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო არეალი კომპანია „ენკას“ საკუთრებაა. შემოგვთავაზეს, შეგვერჩია ჯერ კიდევ სახელმწიფო ბალანსზე დარჩენილი მიწის 13 ნაკვეთიდან ერთ-ერთი. ერთობლივი დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ თორმეტი ნაკვეთი ან ძალიან დაცილებულია პროტესტის პირვანდელ ადგილს, ან იმდენად ციცაბო ფერდებია, რომ დიდი სურვილის შემთხვევაშიც არათუ კარვის გაშლა, ფეხის მოკიდებაც კი გაჭირდება. ერთადერთი ნაკვეთი, რომელსაც პირობითად ეწოდა „მე-13 მიწა“, ჩვენდა გასაოცრად, აღმოჩნდა ნამოხვანში ლალი ეფრემიძის მიწის მოპირდაპირედ მდებარე ყანა და ვენახი, რომელსაც ჩვენ თვითონ ვითხოვდით, ნამოხვანის კარვების დარბევის შემდეგ და მაშინ უარი გვეთქვა ყოველგვარი არგუმენტის გარეშე. აქვე გავიხსენებთ, რომ ნამოხვანიდან ჩვენი გამოძევების მიზეზად დასახელდა მდინარის სავარაუდო ადიდება და ჩვენივე უსაფრთხოებისათვის აუცილებელი პრევენციის ზომები, მაშინ მიწის საკუთრების საკითხი არავის უხსენებია. ამ შემთხვევაში კი ლალის მიწაზე დაბრუნების შეუძლებლობა სახელისუფლებო ჯგუფმა ახსნა იმით, რომ ის კომპანია „ენკას“ საკუთრებაა, ხოლო „მე-13 მიწა“, რომელიც კომპანიამ კერძო პირისგან შეიძინა, პროცედურული გადაცემის პროცესშია და დათანხმების შემთხვევაში ჩვენ შევძლებდით მის გამოყენებას პროტესტისათვის 4-დან 6 თვემდე. შევნიშნავთ იმასაც, რომ მათ ვერ დააზუსტეს 4 თვით დაგვითმობდნენ მიწის ნაკვეთს, თუ ექვსით. ჩვენ განვმარტეთ, რომ ეს ლოკაცია ჩვენთვის მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ჩვენ გადმოგვეცემა საკუთრებაში, ან იჯარით. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია, რა განსხვავებაა ლალის მიწასა და ამ „მე-13 მიწას“ შორის საკუთრების ფორმის თვალსაზრისით, თუ არ ვიფიქრებთ, რომ კომპანია „ენკასთვის“ ჩვენი კარვების განლაგების ადგილი ისეთივე პრინციპული საკითხია, როგორც ჩვენთვის. რასაკვირველია, ვერ შევთანხმდით“, – განმარტავენ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები.

რაც შეეხება მედიაციის კიდევ ერთ წინაპირობას შეეხება - პროტესტის მხარდამჭრების მიმართ დევნის შეწყვეტას, მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის ორი მონაწილე დაკავებიდან ორი თვის შემდეგ, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, სასამართლო პროცესები გრძელდება და არ არიან დარწმუნებული, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

„სამუშაო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილებაზე საუბარიც არ ღირს. საინტერესოა, რომ კომპანია „ენკა“, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, მედიაციის იდეას უგულებელყოფს და აგრძელებს დამოუკიდებელ მოქმედებებს - მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო პროცესი, თითქმის სამი თვეა, ხეობაში ყველა სამშენებლო მოედანზე შეწყვეტილია და ტექნიკაც გაყვანილია, კომპანიის ოფიციალური განცხადებებით, მუშა პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

დეესკალაცია ხეობაში გამოწვეულია მხოლოდ იმით, რომ სამუშაო პროცესი მართლაც შეჩერებულია და ლანდშაფტის ყოველდღიური დაზიანება აღარ ხდება, მაგრამ რადგან კომპანიის მიერ კეთდება სრულიად საპირისპირო ხასიათის განცხადებები, არ გვაქვს არავითარი გარანტია იმისა, რომ სამუშაო პროცესი ნებისმიერ დროს არ განახლდება.

ამდენად, დაძაბულობის ხელახალი ესკალაცია ყოველ წუთსაა მოსალოდნელი, რაც ვერ უზრუნველყოფს მედიაციისათვის შესაფერის მშვიდ და მხარეებისათვის თანაბარ გარემოს“, – ნათქვამია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა განცხადებაში.

რიონის ხეობის გადარჩენისთვის წევრების ინფორმაციით, სექტემბრიდან ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელი შვებულებიდან დაბრუნდა და ონლაინ შეხვედრაც შედგა, თუმცა მასში პროტესტის მონაწილეებს მონაწილეობა არ მიუღიათ და ეს „არც სახელისუფლებო ჯგუფს და არც მედიატორს არ შეუნიშნავს“.

„როგორც ჩანს, ჩვენი ჩართულობის აუცილებლობა ვერ დაინახეს. ნამოხვანის პროცესში ევროკავშირის სტრუქტურის ჩართვა უდავოდ აჩენს ნდობის ნაპერწკალს, მაგრამ ეს ნდობა უპირობო ნამდვილად არ არის.

ჩვენთვის მძიმეა ის, რომ ხელისუფლების მიმართ ნდობა არ არსებობს, მაგრამ ასევე მძიმეა ისიც, რომ მედიატორი იხრება საკითხის ისეთი ფორმალური და ტექნიკური გადაწყვეტისკენ, რითაც მხოლოდ სახელისუფლებო ჯგუფია დაინტერესებული.

ნდობის დეფიციტს დიდად განაპირობებს ისიც, რომ შეხვედრები მედიისათვის დახურულია და დამატებითი შეთანხმების სახით, ძირითადად, კონფიდენციალურიც. განგვიმარტეს, რომ ამ ტიპის შეხვედრებისთვის დამახასიათებელია დახურული ფორმატი. მართალია, არსებობს ყველა ონლაინ შეხვედრის ვიდეოჩანაწერი, მაგრამ შეუთანხმებლად არც ამ მასალების გამოყენება შეგვიძლია. რა თქმა უნდა, პროცესის საჯაროობა იქნებოდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნდობის ხარისხის გასაზრდელად“, – აცხადებენ პროტესტის მონაწილეები.

მთავრობამ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელი მედიაციისთვის 24 აპრილს მოიწვია. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ნამახვანჰესის საწინააღმდეგოდ გამართული ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლები ქუთაისში და აქტივისტების უწყვეტი პროტესტი ნამოხვანსა და გუმათში.

მედიაციას ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვისა და მოლაპარაკებების ცენტრის თავმჯდომარე დირკ ბუშლე ხელმძღვანელობს. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერების გარდა, მედიაციაში ჩართული არიან არასამთავრობო ორგანიზაციები - მწვანე ალტერნატივა; სოციალური სამართლიანობის ცენტრი; ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები; მწვანეები; პლატფორმა - სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის.

 

ამ თემაზე:

რა ხდება ნამახვანჰესის გარშემო - მედიაციის გაუხმაურებელი დეტალები

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]