weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მიტროპოლიტმა სტეფანემ 7 სასულიერო პირი ეკლესიიდან განკვეთა

18:09 კვირა, 19 სექტემბერი 2021

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) სასულიერო და სამონაზვნო დასიდან შვიდი სასულიერო პირი განკვეთა, მათ და კიდევ ორ ადამიანს ჭყონდიდის ეპარქიის მონასტრებში ცხოვრება და საქმიანობა, აგრეთვე, საეკლესიო მიწების გამოყენება აუკრძალა.

მიტროპოლიტმა გადაწყვეტილება დღეს, მარტვილში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ გამოაცხადა. მეუფე სტეფანეს თქმით, მისი მიზანი ჭყონდიდის ეპარქიაში საეკლესიო წესრიგის აღდგენაა.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილე პირებმა: ბერ-დიაკონმა პეტრემ (ღუდუშაური), მონაზონმა ათინოგენემ (მდივანი), მონაზონმა დანიელმა (გვილავა), მონაზონმა ამბროსიმ (სხულუხია), მონაზონმა დავითმა (ხელაია), მონაზონმა ბასილმა (გვილავა), მონაზონმა მარკოზმა (წულაია), აგრეთვე გაგა ავალიანმა და ჯაბა ცეცხლაძემ, მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა და კანონიკური სასჯელების დაკისრებისა, არათუ შეწყვიტეს ანტიეკლესიური ქმედებები, არამედ კიდევ უფრო მეტი თავხედობითა და ზღვარგადასული უკეთურებით განაგრძობენ ქმედებებს, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება მონასტრული ცხოვრების წესს და საეკლესიო კანონებს. კერძოდ, მათ არაერთხელ მოაწყვეს თავდასხმა ჭყონდიდელ მიტროპოლიტზე და სხვა სასულიერო პირებზე. აგრეთვე, მუდმივ ტერორში ამყოფებენ ადგილობრივ მოსახლეობას, ხელს უშლიან მათ ეკლესიურ ცხოვრებაში და მოითხოვენ მათგან მხარდაჭერას თავის უკეთურ ქმედებებში.

ეს პირები კანონიკურად დადგენილი მღვდელმთავრის ნებართვის გარეშე დაუფლებულნი არიან საეკლესიო ქონებას და უნებართვოდ ახორციელებენ სამეურნეო და კომერციულ საქმიანობას“, – ნათქვამია ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ბრძანებაში, რომელიც 11 სექტემბრით არის დათარიღებული.

იქვე ვკითხულობთ, რომ „ამ უკეთურ ქმედებათა ბოლო ზღვარი იყო წინასწარ მომზადებული თავდასხმა ჭყონდიდელ მიტროპოლიტზე“.

„ჯერ დებოში მოაწყვეს სკოლის ეზოში და ხელით შეეხნენ ჭყონდიდელ მიტროპოლიტს და მის თანმხლებ პირებს, შემდეგ კი შეიჭრნენ სკოლის სამასწავლებლოში და განაგრძეს სკოლის რექტორის (ჭყონდიდელი მიტროპოლიტის) და სკოლის პედაგოგების შეურაცხყოფა“, – წერია ბრძანებაში.

განკვეთილ ბერ-დიაკონსა და მონაზვნებს სამონაზვნო და სხვა საეკლესიო შესამოსელით შემოსვა, აგრეთვე, სამონაზვნო ატრიბუტიკის ტარება და გამოყენება ეკრძალებათ.

„ჩემთვის ის არარაობაა, საცოდავი არსებაა, მატყუარა, ცრუ. ვინც მას გვერდში უდგას, ისინიც საცოდავები და არაქრისტიანული სულის მატარებლები არიან. ერის კაცად დამტოვა? რომელ ერის კაცად? იმ ერის რომელსაც ყველგან და ყველაფერში ატყუებენ? ერის, რომელსაც მამათმავალობაში ბრალდებული პატრიარქი ჰყავს და აუკრძალეს ამაზე საუბარი“, – განაცხადა მიხეილ მდივანმა (ყოფილი მონაზონი ათინოგენე).

მეუფე სტეფანემ მონაზვნები განკვეთის შესახებ ჯერ კიდევ აპრილში გააფრთხილა. მანამდე მან მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან გარიცხა მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე).

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც თებერვალში ეპარქია სამართავად ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს ჩააბარეს. მანამდე, ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) იყო, რომელმაც თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. წლების განმავლობაში ჭყონდიდის ეპარქიას მეუფე პეტრე (ცაავა) მართავდა. წმინდა სინოდმა ის მღვდელმთავრობიდან 2019 წლის ოქტომბერში გადააყენა „კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისა და წმინდა სინოდის მიმართ საჯაროდ არაერთგზის გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო“. მეუფე პეტრე აცხადებს, რომ ილია მეორე მამათმავლური ცოდვით არის შეპყრობილი და შეუძლია ეს ბრალდება მოწმეებით დაადასტუროს. ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი მეუფე პეტრეს უჭერს მხარს და მის ბრალდებებზე გამოძიების ჩატარებას ითხოვს. ისინი მიიჩნევენ, რომ მეუფე სტეფანე ეპარქიის უკანონო მმართველია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]