weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისთვის ვანო ზანდარაშვილს 12 წელი მიესაჯა

12:24 ხუთშაბათი, 23 სექტემბერი 2021

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე, ვანო ზანდარაშვილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გრიგოლ ვატიტაძის გადაწყვეტილებით მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ვანო ზანდარაშვილი თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის მკვლელობის ბრალდებით 2020 წლის 25 დეკემბერს დააკავეს. 

„გამოძეიბის ეტაპზე ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები სრულად გაიზიარა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ და დაეთანხმა ბრალდებას კვალიფიკაციაში, რომ ბრალდებულმა განზრახ, ისეთი საშუალებით, რომელიც უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მოკლა ზურაბ საჩიშვილი. ნაფიცმა მსაჯულებმა დაუჯერეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, რომლის მიხედვითაც, ვანო ზანდარაშვილი დანაშაულის ჩადენის მომენტში არ იმყოფებოდა აფექტის მდგომარეობაში“, – განაცხადა საქმის პროკურორმა, ლაშა გეწაძემ.

ბრალდებული ყოფილი პოლიციელი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებას არ აღიარებს. როგორც მან ნაფიცი მსაჯულების წინაშე განაცხადა, აფექტის მდგომარეობაში მოქმედებდა.

„არ მინდა ვიყო უსამართლო ბრალდების მსხვერპლი. ჩემთვის ძალიან მომაკვდინებელია ის ბრალდება, რაც წაყნებული მაქვს. განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში არ ჩამიდენია და რაც ჩავიდინე, პირველივე წუთიდან მზად ვარ, იმისთვის ვაგო პასუხი სრული სიმკაცრით“, – განაცხადა ზანდარაშვილმა.

ზურაბ საჩიშვილი გასული წლის 25 დეკემბერს, სოფელ იყალთოს ცენტრში, ავტომობილში მოკლეს. შემთხვევა ე.წ. კომენდანტის საათის დროს მოხდა. მანამდე, საჩიშვილი, ზანდარაშვილი და თელავის მერიის თანამშრომლები – იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილი და მერიის სპეციალისტი ბიძინა ხატიაშვილი იყალთოში მცხოვრებ დავით ლაჩაშვილის სახლში, დაბადების დღის სუფრაზე იმყოფებოდნენ.

პროკურატურის ვერსიით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს ბალანსზე რიცხულ ავტომანქანაში, ვანო ზანდარაშვილსა და ზურაბ საჩიშვილს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ, რა დროსაც ზანდარაშვილმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მის სახელზე გაპიროვნებული სამსახურებრივი-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურაბ საჩიშვილს ახლო მანძილიდან დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა. ის მიყენებული მძიმე ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პროკურატურის მტკიცებით, ზანდარაშვილის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, ერთი ტყვია ხელის არეში მოხვდა ავტომანქანაში ზურაბ საჩიშვილის გვერდით მჯდომ ლევან ბერძენაშვილს, რითაც მას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიადგა.

დაკავების შემდეგ ვანო ზანდარაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]