weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

გოლეთიანის თქმით, ხელისუფლება ცდილობს „ენკასთან“ კონტრაქტის მოშლა ხალხს დააბრალოს

15:09 ხუთშაბათი, 23 სექტემბერი 2021

მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის დამფუძნებლის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ნამახვანჰესის ხელშეკრულების მოშლაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რომელმაც „ანტისახელმწიფოებრივ“ დოკუმენტზე ხელი მოაწერა.

„ვინც გააფორმა ეს ხელშეკრულება, იმ ადამიანის პასუხისმგებლობა არ დგას? ეს ხომ აბსოლუტურად ლოგიკურია. ვინც დადო ანტისახელმიწფოებრივი ხელშეკრულება, იმ ხალხმა, ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ არ უნდა აგოს პასუხი? ამ ხელშეკრულებაზე დღევანდელი ხელისუფლების პრაქტიკულად ყველა ჩინოვნიკს ხელი აქვს მოწერილი. ეს არის გამოძიების საკითხი. ესე პოპულისტურად კი არ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, რომ „მიდი პასუხი აგე, ძმაო“. აქ მნიშვნელოვანია, რომ მართლა ჩავიხედოთ ამ საკითხის სიღრმეებში და გამოვიძიოთ, ვისი დანაშაულია.

პირდაპირ გეუბნებით, რომ მთელ ამ პროცესში არის ხელისუფლების დანაშაული იმიტომ, რომ გააფორმა მსგავსი ტიპის ხელშეკრულება და ახლა ცდილობს ვექტორების გადატანას სულ სხვა მიმართულებით, ხალხს დააბრალოს. პირდაპირ შემიძლია ქართველ ხალხს მივულოცო, რომ უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი დაფიქსირდა ქვეყანაში, როცა ხალხმა დაიწყო არგუმენტირებული ბრძოლა და გადატეხა ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, რომელიც ორკესტრირებულად გვიპირისპირდება, რომ თითქოს ჩვენ ბნელები ვართ და სანთლის შუქზე ცხოვრების გაგრძელება გვინდა“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ჩართვის დროს.

როგორც გოლეთიანი ამბობს, ხელშეკრულების მოშლით ფინანსური ზიანი დადგება, თუმცა ეს თანხა იმ ადამიანებმა უნდა გადაიხადონ, ვინც დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

„შევხედოთ, რა ხელშეკრულება იყო გაფორმებული კომპანია „ენკასთან“. ვნახავთ, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი დოკუმენტი, რომელიც თავიდან ბოლომდე მორგებულია ინვესტორზე. აქედან ხალხი, საქართველო, ჩვენი ქვეყანა არაფერს სარგებლობს. ამიტომ,

რატომ ვსახავთ სურათს, რომ დავიქეცით ამ ყველაფრის შემდეგ? დამერწმუნეთ, რომ ნამდვილად დავიქცევით როგორც ქვეყანა და მათ შორის, ჩვენი ეკონომიკა, თუ ამ ტიპის ხელშეკრულებაში დავრჩებით.

გამოსვლის შემთხვევაში ფინანსური ზიანი მოგვადგება, მაგრამ არა ხალხს, არამედ ის ფული უნდა მოიტანოს იმ ხალხმა, ვინც ამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. ეს არის მნიშვნელოვანი. კეთილი ინებოს იმ ხალხმა და ეს ფული თვითონ მოიტანოს“, – ამბობს გოლეთიანი.

მდინარე რიონზე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს, შპს „ენკა რინიუებლზს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 25 აპრილს გაფორმდა. ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე განცხადება სტამბოლის საფონდო ბირჟაზე თურქულმა კომპანიამ Enka Insaat Ve Sanayi A.S-მა გამოაქვეყნა, რომელიც „ენკა რინიუებლზის“ 90%-იან წილს ფლობს. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მისი პირობების დარღვევას და ფორსმაჟორს ასახელებენ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაადასტურა, რომ „ენკასგან“ მიიღეს წინასწარი შეტყობინება ნამახვანჰესის პროექტიდან ერთი თვის შემდეგ მისი შესაძლო გასვლის შესახებ. სამინისტროს განცხადებით, ამ ერთი თვის განმავლობაში ინვესტორ კომპანიასთან კომუნიკაციას გააგრძელებენ, „რათა გამოინახოს სწორი და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის“.

ნამახვანჰესის მშენებლობას რიონის ხეობის მცხოვრებლები, რომელთაც მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დააფუძნეს, თითქმის ერთი წელია უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ. ბოლო თვეების განმავლობაში ნამახვანჰესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობასა და ჰესის მოწინააღმდეგეებს შორის, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით, მედიაცია მიმდინარეობდა. რამდენიმე დღის წინ ამ ფორმატს „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ გამოეთიშა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]