weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ინსპექტორმა ლექსო ლაშქარავას ჩანაწერების გავრცელებისთვის შსს სამართალდამრღვევად ცნო

11:28 პარასკევი, 24 სექტემბერი 2021

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას არ ჰქონდა კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი საფუძველი.

კერძოდ, სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებით ირკვევა, რომ სამინისტროს მიერ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ გამართული ბრიფინგების მიზანი დაწყებული გამოძიების შესახებ საზოგადოების ინფორმირება იყო, თუმცა, ბრიფინგების ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენელმა არ/ვერ დაასახელა ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი და აღნიშნა, რომ გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გამოძიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედეგები.

„აღნიშნულის პარალელურად, სამინისტრომ ბრიფინგებზე გაასაჯაროვა ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, შესაბამისი კომენტარებით, თუმცა საზოგადოებას არ მიაწოდა ინფორმაცია მათი გასაჯაროების მიზნებისა და მიმდინარე გამოძიებასთან ვიდეოჩანაწერების მიზეზობრივი კავშირის შესახებ. უფრო მეტიც, სამინისტრომ თავი შეიკავა გამოძიების კონკრეტული ვერსიის გაჟღერებისაგან (იმ მოტივით, რომ მხოლოდ სასამართლო-სამედიცინო დასკვნის შემდგომ იქნებოდა შესაძლებელი პირის გარდაცვალების გამომწვევი მიზეზის დადგენა), საზოგადოებას მოუწოდა გასაჯაროებული ვიდეოჩანაწერებიდან არ გამოეტანათ ნაადრევი დასკვნები და დალოდებოდნენ გამოძიების შედეგებს.

ვინაიდან 2021 წლის 11 ივლისს სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ვერც ერთი ვიდეოჩანაწერი ვერ პასუხობდა საზოგადოებაში არსებულ მთავარ კითხვას გარდაცვალების კონკრეტულ მიზეზთან დაკავშირებით და ამასთან, ბრიფინგებზე არ იქნა განმარტებული ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებასთან აღნიშნული ჩანაწერების კავშირი, სამინისტროს მიერ ალექსანდრე ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება შეფასდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების პრინციპის დარღვევად“, – აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 11 და 12 ივლისს, ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამართული ბრიფინგების ფარგლებში გასაჯაროებული ვიდეოჩანაწერების მოპოვების კანონიერებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ სამინისტრომ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოიპოვა 2021 წლის 12 ივლისის ბრიფინგზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი აუდიო-ვიდეოჩანაწერი. კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ აუდიო-ვიდეოჩანაწერი სამედიცინო დაწესებულებიდან მოპოვებულ იქნა სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

„აღნიშნულ აუდიო-ვიდეოჩანაწერზე (2021 წლის 12 ივლისს, 00:21, 00:24, 00:28 და 00:52 საათებზე) წვდომისა და სამედიცინო დაწესებულების კომპიუტერული მოწყობილობიდან მისი გადმოწერის დროს სამინისტროს მიერ არ შედგენილა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ამსახველი რაიმე საპროცესო დოკუმენტი. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორმა დაადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულების მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის (მონაცემთა დამუშავების საფუძვლების) დარღვევა, სამინისტროს მიერ სამედიცინო დაწესებულებიდან ვიდეოჩანაწერების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დათვალიერებისა და გადმოწერის ფაქტზე“, – აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორი.

 რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 11 და 12 ივლისს, გასაჯაროებული სხვა ვიდეოჩანაწერების მოპოვების კანონიერებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, ჩატარებული შემოწმებით ირკვევა, რომ სამინისტრომ ისინი სხვადასხვა პირისაგან მოიპოვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-126-ე მუხლებით დადგენილი წესით (დათვალიერების გზით), ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მფლობელების წერილობითი თანხმობის საფუძველზე და ვიდეოჩანაწერების დათვალიერება განხორციელდა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

ინსპექტორი განმარტავს, რომ ვიდეოჩანაწერების დათვალიერების გზით მოპოვების კანონიერების შეფასების მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ შესწავლილი სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებები არაერთგვაროვანია. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის ფარგლებში, ვერ/არ შეაფასა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კომპიუტერულ სისტემაში დაცული ინფორმაციის/დოკუმენტის მტკიცებულების სახით დათვალიერების გზით მოპოვების კანონიერების საკითხი.

სახელმწიფო ინსპექტორმა ასევე შეისწავლა 11 ივლისს ინტერნეტსივრცეში (მათ შორის, Facebook-ში) ალექსანდრე ლაშქარავას პერსონალური, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების გასაჯაროების ფაქტი.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ: ალექსანდრე ლაშქარავას შესახებ ინტერნეტსივრცეში გავრცელებული მონაცემები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში - info.pol.ge აღრიცხული მონაცემების იდენტურია. ინტერნეტში გავრცელებული და სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში მითითებული ინფორმაციები თანხვედრაშია ერთმანეთთან, როგორც სტრუქტურით და თანმიმდევრობით, ასევე ტექსტში გამოყენებული სიმბოლოებით (სასვენი ნიშნებით); საინფორმაციო ბაზა - info.pol.ge-ში დაცულ ალექსანდრე ლაშქარავას მონაცემებთან წვდომა 2021 წლის 5 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით ჰქონდათ მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მონაცემებზე წვდომა განახორციელა 2021 წლის 11 ივლისს; საინფორმაციო ბაზა - info.pol.ge-ში დაცულ ალექსანდრე ლაშქარავას მონაცემებთან წვდომა ჰქონდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა (თითქმის ყველა) სტრუქტურული დანაყოფის 82 თანამშრომელს. შემოწმების შედეგად გამოვლენილი ზემოაღნიშნული გარემოებები მიუთითებს ალექსანდრე ლაშქარავას პერსონალური მონაცემების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლ(ებ)ის მხრიდან გამჟღავნების ფაქტზე“, – აცხადებს ინსპექტორი.

სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან მათი შემოწმების პარალელურად, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება სამინისტროს თანამშრომლების მიერ ერთიან საინფორმაციო ბანკში განხორციელებული არასანქცირებული წვდომებისა და 11 ივლისს ალექსანდრე ლაშქარავას პერსონალური მონაცემების გამჟღავნების შესწავლის მიზნით, მოკლებული არიან შესაძლებლობას, შეაფასონ სამინისტროს კონკრეტული თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი.

სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ჩატარებული ზემოაღნიშნული შემოწმებების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე (მონაცემთა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დამუშავება ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამავე მუხლით) და 44-ე (მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევა ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამავე მუხლით) მუხლების მეორე პუნქტებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

ასევე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა სამედიცინო დაწესებულებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე (მონაცემთა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დამუშავება), 44-ე (მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევა) და 46-ე (მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნების შეუსრულებლობა) მუხლების პირველი პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]