„ახალგაზრდა ქალბატონი შემოყვანილია 20:30 საათზე, მანქანაშივე დაფიქსირდა მისი მდგომარეობის დამძიმება, სისხლდენა, შემოყვანისას გულის გაჩერება, გულის მუშაობა აღდგა, მიმდინარეობს რეანიმაციული აქტივობა. ვმუშაობთ და ვიკვლევთ. აქვს მოტეხილობები - სავარაუდოდ ორივე ქვედა კიდურის, მენჯის ძველების. ჩატარდა კვლევა და პასუხებს მოგვიანებით მოგაწვდით“, – განაცხადა ჟურნალისტებთან თამარ მხატვარმა.
26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ნაწილი დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. მთლიანად ჩამოშლილია ერთ-ერთი სადარბაზო. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
„ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი შიგნით ნანგრევებში. კონტაქტზე გამოდის ორი ადამიანი, ისინი ცოცხლები არიან და ტელეფონით გვესაუბრებიან“, – განაცხადა დღის ბოლოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.
როგორც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ თქვა, კორპუსი ავარიული არ იყო და ბოლო წლების განმავლობაში მასზე დაშენება არ განხორციელებულა.
დღის განმავლობაში ადგილობრივების ნაწილი მედიასთან აცხადებდა, რომ ხუთსართულიან კორპუსზე ორი სართული უკანონოდ იყო დაშენებული, რაც შესაძლოა ტრაგედიის მიზეზი გამხდარიყო. ნგრევის გამომწვევ კიდევ ერთ სავარაუდო მიზეზად ასახელებენ პირველ სართულზე, კომერციულ ფართში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, რა დროსაც გაფართოების მიზნით საყრდენი კედელი დაანგრიეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.