ექვსი ორგანიზაციის მიერ ხელმოწერილ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის დანაშაულობა-უდანაშაულობის დადგენა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ მას სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა.
„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ წლების განმავლობაში, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას, მართლმსაჯულების სისტემა სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის მინიმალურ მოთხოვნებსაც კი ვერ პასუხობდა. ძალიან ხშირად, მმართველი პოლიტიკური ძალა სრულად უგულვებელყოფდა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკას და რეკომენდაციებს მართლმსაჯულების სისტემაში არსებული სისტემური ხარვეზებისა და პოლიტიკური მართლმსაჯულების რისკების თაობაზე. არაერთი საკანონმდებლო ცვლილებისა და ე.წ. რეფორმის მიუხედავად, სასამართლო ხელისუფლება კვლავ პოლიტიზების მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება არ ერიდება პოლიტიკური გავლენების გაძლიერებას ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოზე.
აღნიშნულის ნათელი მაგალითია მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რამდენიმე განცხადება, რომლითაც იგი ღიად და არაორაზროვნად ადასტურებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მსჯავრდება არის პოლიტიკური შინაარსის, განპირობებულია მმართველი პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილებით და კავშირი არ აქვს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განხორციელებასთან.
აქვე აღვნიშნავთ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება დაუშვებელი და მიუღებელია იმისგან დამოუკიდებლად, პირი დამნაშავეა თუ არა. მეტიც, სწორედ ამგვარი მართლმსაჯულების განხორციელება, პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგინდეს პირის ბრალეულობის საკითხი. ასეთი პროცესი სრულად ფორმალური ხასიათისაა, მიკერძოებულია და ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის საბაზისო მოთხოვნებს.
აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დანაშაულობა-უდანაშაულობის დადგენა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ მას მიეცემა საშუალება სრულად ისარგებლოს ჯეროვანი პროცესით და სამართლიანი სასამართლოს უფლებით.
ამასთანავე, იმის ფონზე, რომ სასამართლო ხელისუფლება კლანური მმართველობით, ხელისუფლებისადმი ლოიალობით და დეფექტური მმართლმსაჯულების განხორციელებით ხასიათდება, ისევე როგორც, აღნიშნული ინსტიტუციის მიმართ ნდობა კატასტროფულ ნიშნულზეა, ამ პირობებში, ეჭვქეშ დგება შესაძლებლობა, დაცული იყოს მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლოს უფლება. თავის მხრივ, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედ ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილებებითა და სამართლებრივი მექანიზმებით, ახალისებს მსგავსს პრაქტიკას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას და საქართველო პრეზიდენტს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული საკანონმდებლო მექანიზმები, რათა თავიდან იქნას აცილებული მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელება.
განცხადებას ხელს აწერენ არასამთავრობო ორგანიზაციები: ღია საზოგადოების ფონდი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატიცა (GDI); მმართველობის მონიტორინგის ცენტრი; ადამიანის უფლებების ცენტრი (HRC); ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD).
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე და 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვები არ დასრულებულა.
1-ელ ოქტომბერს, დილით, სააკაშვილმა თავად გაავრცელა ინფორმაცია, რომ 8 წლის შემდეგ საქართველოში იმყოფებოდა. ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის და რა გზით შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც პროკურატურას არ გაუვრცელებია. ცნობილია, რომ შსს-ში სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გაყალბებული ბრალდებების საფუძველზეა დაპატიმრებული და პუტინის პირადი პატიმარია. პროტესტის ნიშნად ის მე-12 დღეა შიმშილობს.