weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მესამე პრეზიდენტს უნდა შეეძლოს სამშობლოში თავისუფლად ცხოვრება – მეუფე გრიგოლი

10:59 ოთხშაბათი, 13 ოქტომბერი 2021

ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპყრობილეში ყოფნის ყოველი დღე მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესებს აზიანებს. მიტროპოლიტი იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რომ ქვეყნისთვის დამაზიანებელი შედეგების გარეშე დაძლეულ იქნა ის სახიფათო ზონა, რომელშიც საქართველო დღეს იმყოფება.

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ მიმართვაში მეუფე გრიგოლი საქართველოს პირველი პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიასაც იხსენებს. მრევლისადმი მის მიმართვას, რომელიც ფოთისა და ხობის ეპარქიის სამდივნომ გაავრცელა, უცვლელად გთავაზობთ:

„ძვირფასო სამწყსოვ, ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, დღეს ვიყავი ძველ ხიბულაში, ხობის მუნიციპალიტეტში, სადაც მოვინახულე ახალაშენებული საეკლესიო კომპლექსი, რომელიც მართალი ლაზარეს აღდგინების სახელზე აშენდა და უახლოეს მომავალში მოხდება მისი კურთხევა. ამ კომპლექსის მიმდებარედ კი დგას სახლი, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ტრაგიკულად დაასრულა თავისი სიცოცხლე; ვდგავარ იმ ოთახში, სადაც უკანასკნელი ღამე გაათენა, უკაცრავად, ვერ გაათენა, პრეზიდენტმა გამსახურდიამ; გონებაში ცოცხლდება მისი განწირული სულისკვეთება და ვფიქრობ დღევანდელ დღეზე და შექმნილ მდგომარეობაზე.

სამი ათეული წელია, რაც საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენს სახელმწიფოს ბევრი ჯერ კიდევ მოუშუშებელი ტკივილი და ჭრილობა აწუხებს; ჯერ კიდევ ოკუპანტის ხელშია მოქცეული დროებით დაკარგული ტერიტორიები, ქართული კულტურის ძირძველი და მკვიდრი კერები, და ჩვენი ერთ-ერთი (ერთმორწმუნე) მეზობელი ქვეყანა დღემდე ახორციელებს მათზე არაკანონიერ და უსამართლო კონტროლს.

მართალია, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და გამთლიანება გადაუდებელ ამოცანად გვესახება, თუმცა ამას ვერ მოახერხებს ის სახელმწიფო და საზოგადოება, რომელიც პოლარიზებული და ურთიერთდაპირისპირებულია, ერთმანეთს მტრობს და ვერაფრით ახერხებს თანაცხოვრებას. ვერა და ვერ მივაღწიეთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების ერთობლივი ჩართულობითა და თანამონაწილეობით საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესების წარმართვას.

მიმოვიხედოთ ჩვენს ირგვლივ და რას დავინახავთ? დავინახავთ იმას, რომ განსხვავებული პოლიტიკური ხედვები და მიზნები ხშირად (რომ არ ვთქვათ - ძალიან ხშირად!) ურთიერთსიძულვილის, პოლიტიკური შურისძიებისა და გაუტანლობის საფუძველი ხდება. არადა, ეს როგორმე უნდა დაიძლიოს! თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დაძლიოს ეს სიძულვილი, შურისძიება, გაუტანლობა. როგორმე უნდა შევძლოთ ურთიერთმიტევება, შერიგება, დიდ სახელმწიფოებრივ მიზნებთან მიმართებით ერთმანეთთან თანხმობა და, რაც მთავარია, მშვიდობიანი თანაცხოვრება ჩვენს ძვირფას და ღვთივკურთხეულ ქვეყანაში.

სწორედ ამის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ახლა, როცა ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება კვლავაც გზაგასაყარზეა, უნდა შევძლოთ ამ საბედისწერო მანკიერი წრის გარღვევა და გრძელვადიან პერსპექტივაში შევთანხმდეთ მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებზე. ჩვენ ვდგავართ ისტორიული აუცილებლობის წინაშე, რომ კარგად დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას გვიქადის დღევანდელი მდგომარეობა. კარგად უნდა დავფიქრდეთ იმაზეც, თუ ვის აწყობს შელახული სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მათი ყოფილი თუ ამჟამინდელი წარმომადგენლების დისკრედიტაცია. ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ინტერესში შედის.

ნუთუ არ ვიცით, რომ „არა არს კაცი, რომელი სცხონდეს და არა სცოდოს“?! (მც. კურთხევანი)

ნუთუ არ გაგვიგია, რომ „ყოველი კაცი ცრუი არს“?! (ფს. 115,11);

ვის შეუძლია დაიკვეხნოს უცოდველობით ან თუნდაც შეუცდომლობით?!

ქრისტიანობის თაურწყაროებს ნაზიარებ ერს ეს კარგად მოგვეხსენება, რომ შემწყნარებლობა ერთ-ერთი შემადგენელია ჩვენი სულიერი სწავლებისა. ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ურთულეს ჟამს გვმართებს საკუთარ თავზე მაღლა დადგომა;

ჩვენ გვმართებს მიმდინარე მოვლენების აღქმა მასშტაბურად, ისტორიულ ჭრილში და არა ფრაგმენტულად.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის საპყრობილეში ყოფნის ყოველი დღე მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს!

ნუთუ ვინმეს მართლა სჯერა, რომ დასავლეთი შეთქმულებას აწყობს საქართველოს წინააღმდეგ და ჩრდილოელმა მეზობელმა უნდა „გვიხსნას“ ამ შეთქმულებისგან?!

მოცემულ ვითარებაში შეცდომები ძალზე მძიმე შედეგს მოიტანს და ჩვენ ვერ მოვახერხებთ ვერც ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანას და ვერც მის გამთლიანებასა და გაერთიანებას.

ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში არის სახლი, სადაც ქვეყნიდან განდევნილი საქართველოდან პირველი პრეზიდენტი მზაკვრულად და ღალატით გამოასალმეს სიცოცხლეს; მანამდე კი სამშობლოდან დევნილმა „უკანონოდ“ გადმოლახა სახელმწიფო საზღვარი, ტყე-ტყე უწევდა გზის გაკვლევა და აქ დადგა სწორედ მისი ტრაგიკული აღსასრული; შემდეგ იყო მთაწმიდის სავანე, დატირება.

საკითხავია ვის დასტიროდა გათხრილ საფლავთან ქართული საზოგადოება, საქართველოს პირველ პრეზიდენტს თუ საკუთარ თავს?!

ვფიქრობთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს საკუთარ სამშობლოში თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობა; და ეს, უწინარეს ყოვლისა, სჭირდება არა მას, მიხეილ სააკაშვილს, არამედ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების სამომავლო ინტერესებს.

იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რომ ქვეყნისთვის დამაზიანებელი შედეგების გარეშე დაძლეულ იქნა ის სახიფათო ზონა, რომელშიც დღეს იმყოფება ჩვენი სამშობლო და წარსულის მძიმე გამოცდილების გათვალისწინებით გავაგრძელებთ წინსვლას შეუქცევადად!

„აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაი ჯვარითა ბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა შენსა მოანიჭე

და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა!“.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე და 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვები არ დასრულებულა.

1-ელ ოქტომბერს, დილით, სააკაშვილმა თავად გაავრცელა ინფორმაცია, რომ 8 წლის შემდეგ საქართველოში იმყოფებოდა. ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის და რა გზით შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც პროკურატურას არ გაუვრცელებია. ცნობილია, რომ შსს-ში სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გაყალბებული ბრალდებების საფუძველზეა დაპატიმრებული და პუტინის პირადი პატიმარია. პროტესტის ნიშნად ის მე-13 დღეა შიმშილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]