„განსაკუთრებით მომატებულია შემთხვევები კახეთში, რაც ვფიქრობთ, უკავშირდება ბოლო პერიოდში რთველის სეზონს, შესაძლოა, მას შემდეგ იყო გარკვეული სოციალური ღონისძიებები, თავშეყრა, ასევე წვიმიანი სეზონი იყო და ეს ყველაფერი, დიდი ალბათობით, ხდებოდა შენობების შიგნით, რამაც ხელი შეუწყო გავრცელებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ამბობს, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის მატება ჯერჯერობით არ ფიქსირდება, რაც იმედის მომცემი ნიშანია.
„შესაძლოა, ეს იყოს ვაქცინაციის ეფექტიც კი, რადგან ინფიცირებულების ის ნაწილი, ვინც უკვე ვაქცინირებულია და არის ასეთი ჯგუფი, მცირე, მაგრამ მაინც, ბინაზე რჩებიან და როგორც წესი, ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს ამ შემთხვევაში დაავადება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ
დღეს კორონავირუსი 4837 ადამიანს დაუდასტურდა, გუშინ კი – 4774-ს. აქედან კახეთის რეგიონში ინფიცირების ჯამში 1506 შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო ორ დღეში კორონავირუსს 63 ადამიანი ემსხვერპლა. ამ ეტაპზე საქართველოში ინფიცირების 30 256 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 4766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 24 687 კი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.