weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

როგორ შემოვიდა სააკაშვილი – პროკურატურამ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა

17:36 ოთხშაბათი, 20 ოქტომბერი 2021

პროკურატურამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან მე-20 დღეს ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა. როგორც დღეს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, სააკაშვილმა სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ 29 სექტემბერს, ღამით გადმოკვეთა და ის ფოთის ნავსადგურში შემოსულ გემზე განთავსებულ, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებულ რძის პროდუქტებით დატვირთულ ტრაილერში იმყოფებოდა.

პროკურატურამ ბრალდების შესახებ დადგენილება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოიტანა, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. პროკურატურაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ბრალის წარდგენის სამართლებრივი პროცედურები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი, სახელწოდებით „ვილნიუსი“. აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა შპს „IKA TRANS“-ის საკუთრებაში არსებული „SCANIA“-ს ფირმის ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება - ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით. აღნიშნული ტრაილერი ჯერ ხიდზე შეჩერდა, რის შემდეგაც ელგუჯა ცომაიამ რეგისტრაციამდე ტრაილერი მოსაცდელ ადგილზე გააჩერა, საიდანაც 01:44 საათზე დაიძრა გასასვლელისკენ. რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ, 01:47:27 საათზე, ფოთის პორტის ტერიტორიაზე ელგუჯა ცომაიამ გააჩერა სატვირთო ავტომანქანა და მივიდა ავტომანქანის მისაბმელის უკანა კართან, საიდანაც 01:49:37 საათზე ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მარჯვენა მხრიდან სატვირთო ავტომანქანის კაბინაში ჩაჯდა. ამ ქმედებით, მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით, ელგუჯა ცომაიას დახმარებით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.   

მიხეილ სააკაშვილის ზემოაღნიშნულ მისაბმელში ყოფნა, სადაც განთავსებული იყო რძის პროდუქტები, დადასტურებულია მისი კუთვნილი ტელეფონიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერებით და ვიდეო ექსპერტიზით.

აღნიშნულის შემდეგ, 01:50:52 საათზე ელგუჯა ცომაიამ ნელი სვლით და ჩართული საავარიო შუქსიგნალიზაციით გააგრძელა გზა გასასვლელისკენ, თუმცა 01:53:06 საათზე კიდევ შეჩერდა გზაში, გადავიდა ტრაილერის უკანა კართან, შეამოწმა სწორად ჰქონდა თუ არა დაკეტილი კარი, დაბრუნდა სატვირთო ავტომანქანის საჭესთან და გააგრძელა გზა.

ტრაილერი 02:08:30 საათზე მივიდა გეზთან, სადაც ელოდებოდნენ შალვა წოწორია და ზურაბ წოწორია მათი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით. 02:15 საათიდან 02:20 საათამდე პერიოდში მიხეილ სააკაშვილი გადაჯდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში, ხოლო ელგუჯა ცომაიამ ტრაილერი დააყენა გეზის ტერიტორიაზე. 03:13:35 საათზე ელგუჯა ცომაია ფეხით გავიდა გეზის ტერიტორიდან და ჩაჯდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მიხეილ სააკაშვილი, შოთა წოწორია და ზურაბ წოწორია და წავიდნენ აბაშის მიმართულებით. იმავე დღეს, დაახლოებით 04:03 საათზე, ისინი ჩავიდნენ აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში მდებარე ელგუჯა ცომაიას საცხოვრებელ სახლში.

29 სექტემბერს, დღის საათებში, ელგუჯა ცომაია დაუკავშირდა მის მეგობარს, გიორგი ნარიმანიძეს და სთხოვა ფოთში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მისი ავტომანქანის ვეტშემოწმებაში დახმარება. გიორგი ნარიმანიძე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, 29 სექტემბერს, 16:43 საათიდან 17:50 საათამდე დროის პერიოდში, ფოთი-ხობი-სენაკის გავლით გადაადგილდა აბაშის მიმართულებით და გაჩერდა. პარალელურად, ელგუჯა ცომაია და მიხეილ სააკაშვილი თეთრი ფერის „FORD“-ის ფირმის „TRANSIT“-ის მოდელის მიკროავტობუსით, 18:34 საათიდან 20:51 საათამდე დროის პერიოდში, აბაშის რაიონის სოფელ ტყვირიდან ლანჩხუთი-ფოთი-ოზურგეთი-ქობულეთის გავლით გაემართნენ ბათუმის მიმართულებით, ხოლო იმავე ტრანსპორტით ბათუმიდან აბაშის მიმართულებით დაბრუნდნენ 20:35 საათიდან 22:48 საათამდე დროის პერიოდში.

29 სექტემბერს, 22:48 საათიდან 23:04 საათამდე პერიოდში მიხეილ სააკაშვილი და ელგუჯა ცომაია გადასხდნენ სოფელ ტყვირის ტერიტორიაზე გაჩერებულ „SCANIA“-ს ფირმის მისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებაში, სადაც ასევე იმყოფებოდა გიორგი ნარიმანიძე და დაიწყეს მოძრაობა თბილისის მიმართულებით. ზემოაღნიშნული პირები თერჯოლა-არგვეთა-ზესტაფონი-სურამი-ხაშური-გორი-მცხეთის გავლით გადაადგილდნენ თბილისის მიმართულებით და თბილისში, ერწოს ქუჩაზე მდებარე ელგუჯა ცომაიას საცხოვრებელ ბინასთან დაახლოებით 04:25-04:30 საათზე მივიდნენ. ელგუჯა ცომაიას საცხოვრებელ ბინასთან აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოვიდნენ მიხეილ სააკაშვილი და ელგუჯა ცომაია, რომლებიც დაბინავდნენ საცხოვრებელ ბინაში, ხოლო გიორგი ნარიმანიძემ გააგრძელა გზა და დაახლოებით 05:24 საათიდან 05:28 საათამდე პერიოდში, კახეთის გზატკეცილის გავლით მივიდა თბილისის გეზ-ში, სადაც გადმოცალა ტრაილერიდან დატვირთული პროდუქტები და 14:39 საათზე ავტომანქანა გააჩერა თბილისში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე ტრაილერების სადგომზე.

სამართალდამცავებმა მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში, ელგუჯა ცომაიას საცხოვრებელ ბინაში დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. დადგენილია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის და გადაადგილების ზუსტი მარშრუტი, შესწავლილია 112-ს სათვალთვალო კამერების ასეულობით ვიდეოჩანაწერი, ასევე, კერძო კომპანიების სათვალთვალო კამერები. გამოკითხულია საქმესთან კავშირში მყოფი 69 პირი, გამოთხოვილი და შესწავლილია საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების მობილურ ტელეფონებზე მომსახურე ანძების და მათი ადგილმდებარეობის, დაფარვის ზონის და რადიუსის შესახებ ინფორმაციები. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მეშვეობით უკრაინის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებში გადაგზავნილია შუამდგომლობები სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ; ბრალდებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარდა ჩხრეკები და ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები; საქმეზე ამოღებულ მობილურ ტელეფონებზე და ამავე მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებზე დანიშნულია 4 საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა; საქმეზე ამოღებულ ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას კუთვნილ „SCANIA“- ფირმის სატვირთო ავტომანქანაზე დანიშნულია ავტოტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზები“, – ნათქვამია ბრალის დადგენილებაში.

პროკურატურამ ელგუჯა ცომაიას ბრალი დაუმძიმდა და დანაშაულის დაფარვის გარდა, ბრალად მიხეილ სააკაშვილისთვის საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებაც ედება. მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის არიან ბრალდებულები გიორგი ნარიმანიძე, მამა-შვილი შალვა და ზურაბ წოწორიები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]