weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„სამართლებრივი ფასი არ აქვს“ – ადვოკატი სააკაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენაზე

13:30 ხუთშაბათი, 21 ოქტომბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის მუხლით წარუდგინა. რუსთავის ციხეში ბრალის წარგენას სააკაშვილი არ დაესწრო და პროკურორმა დადგენილება მხოლოდ ადვოკატებს გააცნო.

„რეალურად, სამართლებრივი ფასი ამ დოკუმენტს არ აქვს. შესაბამისად, სასაცილოც კი არის მისთვისაც და ჩვენთვისაც. ჩვენ აბსოლუტურად სხვა კუთხით ვუყურებთ ამ საკითხს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ერთ-ერთმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.

როგორც ადვოკატი ამბობს, სააკაშვილმა ქვეყანაში არალეგალური გზით შემოსვლა მოსალოდნელი დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით გადაწყვიტა.

„მიხეილ სააკაშვილს დაანონსებული ჰქონდა საქართველოში დაბრუნება. მას შემდეგ ჩვენ მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებები, რომ აეროპორტში კონტრაქციის დაორგანიზებას აპირებდნენ, ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი შესაძლოა არ დაესვათ თბილისის აეროპორტში. სწორედ ამიტომ, მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, სხვა გზით შემოსულიყო საქართველოში.

ეს გზა მისი სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი იყო, სამაგიეროდ, ამით მიხეილ სააკაშვილმა თავიდან აგვაცილა მოსალოდნელი დაპირისპირება, რის დაორგანიზებასაც აპირებდა „ქართული ოცნება“ და რეალურად, ის ქვეყანაში დაბრუნდა ისე, რომ თმის ღერიც კი არავის ჩამოვარდნია თავიდან. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მისი ქვეყანაში დაბრუნება არის გმირობა“ , – განაცხადა ადვოკატმა.

დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით პროკურატურა ვერ გაბედავს სასამართლოსთვის მიმართვას და პროცესის ჩანიშვნას მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს გადაადგილება და მეტყველება შეუძლია.

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

20 ოქტომბერს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, სააკაშვილმა სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ 29 სექტემბერს, ღამით გადმოკვეთა და ის ფოთის ნავსადგურში შემოსულ გემზე განთავსებულ, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებულ რძის პროდუქტებით დატვირთულ ტრაილერში იმყოფებოდა. ყოფილი პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

უზენაესი სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე. მას 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვები არ დასრულებულა.

მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, შიმშილობს. ის აცხადებს, რომ გაყალბებული ბრალდებების საფუძველზეა დაპატიმრებული და პუტინის პირადი პატიმარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]