weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გაბუნიას თქმით, ციხის კლინიკა გამართულია, რომ პაციენტი მიიღოს და უმკურნალოს

12:43 ორშაბათი, 25 ოქტომბერი 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გლდანის ციხესთან არსებული საავადმყოფო, სადაც შესაძლოა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ, აღჭურვილია უახლესი აპარატურით, დაკომპლექტებულია გამოცდილი პერსონალით და შეუძლია საერთაშორისო სტანდარტის სამედიცინო მომსახურების გაწევა.

თამარ გაბუნიამ სამედიცინო დაწესებულება იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგვაძესთან ერთად დაათვალიერა, რის შემდეგაც კომენტარი გააკეთა.

„კლინიკს აქვს სრული აღჭურვილობა იმისთვის, რომ აწარმოოს უსაფრთხო სერვისი როგორც გადაუდებელი დახმარების, ისე ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციის მიმართულებით. ეს რეანიმაციული განყოფილება, რომელიც ორ ადგილზეა გათვალისწინებული, აღჭურვილია უახლესი აპარატურით, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატით, დეფიბრილატორით, კარდიომონიტორით, ინფუზიის აპარატით, რაც აუცილებელია ელექტროლიტური დისბალანსის შემთხვევაში სითხეების და ელექტროლიტების გადასხმისა და მონიტორინგისთვის. ამდენად, აქ არის ყველა ტექნოლოგიური პირობა იმისთვის, რომ ინტენსიური ტერაპია და პაციენტზე დაკვირვება განხორციელდეს უსაფრთხოდ. ასევე, პერსონალი, რომელიც მობილიზებულია კონკრეტულად ამ განყოფილებაში სამუშაოდ, არის ძალზედ გამოცდილი, უდიდესი კვალიფიკაციის.

ამდენად, ვფიქრობთ, რომ სამედიცინო სერვისის ხარისხი არის სრულიად შესაფერისი ნებისმიერ სტანდარტთან, რომელიც მისაღებია როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საერთაშორისო დონეზე. ამდენად, ვფიქრობთ, რომ ეს განყოფილება სრულად გამართულია, რომ პაციენტი მიიღოს და უმკურნალოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ციხის საავადმყოფოში მონიტორინგი სახალხო დამცველმაც განახორციელა. ომბუდსმენის ინფორმაციით, მონიტორინგმა ცხადყო, რომ იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილს იქ გადაიყვანენ, იმ სამედიცინო მომსახურების მიღება, რისი შესაძლო საჭიროებაც განისაზღვრა ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ, ადგილზე ვერ შესრულდება და საჭირო იქნება, პერიოდულად მისი გადაყვანა სამოქალაქო ტიპის კლინიკაში. სახალხო დამცველის ცნობით, ციხის საავადმყოფოში ვერ ჩატარდება, მაგალითად, მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, დუპლექს-სკანირება. ასევე, დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს.

„იმ გარემოების გათვალისწინებით კი, რომ ხანგრძლივად მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებისა და დამძიმების სრულფასოვანი წინასწარი პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, ვითარების კრიტიკულად შეცვლის შემთხვევაში, შესაძლოა პაციენტის გაყვანის პერიოდში საკმაოდ მძიმე ან გამოუსწორებელი შედეგები დადგეს“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ციხის საავადმყოფოში ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანას უსაფრთხოების რისკებიც ახლავს თან.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ უნდა შეირჩეს ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი და ადეკვატური სამედიცინო სერვისის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში დააკავეს. 20 ოქტომბერს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მან სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ 29 სექტემბერს, ღამით გადმოკვეთა და ფოთის ნავსადგურში შემოსულ გემზე განთავსებულ, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებულ რძის პროდუქტებით დატვირთულ ტრაილერში იმყოფებოდა.

ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს. უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე. მას 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი.

მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]