weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სალხინოს მონასტერი განკვეთილ სასულიერო პირებს დაატოვებინეს

10:19 პარასკევი, 05 ნოემბერი 2021

ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს მონასტერში დილიდან ხმაურია. მონასტრის ტერიტორია ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, სტეფანე კალაიჯიშვილის მიერ განკვეთილ სასულიერო პირებს დაატოვებინეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე სასულიერო პირი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

„არსება, რომელიც სტეფანედ წოდებულია, შესულია და წირვას ატარებს იქ. ჩოხოსნები მოვიდინენ, გამოყარეს მონაზვნები და მონასტერში მცხოვრები ადამიანები, დაიკავეს ტერიტორია, შემდეგ მოვიდა მილიცია, არც იქით გვიშვებენ, მამები დააკავეს. აქედან დაიწყება სულ სხვა მოქმედებები. აქედან ჩვენ ცოცხლებს ვერ გაგვიყვანენ და მთელ საქართველოს მოვუხმობ“, – განაცხადა განკვეთილმა მონაზონმა ათინოგენმა (მდივანი).

განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერში ცხოვრების ვადა გუშინ, 4 ნოემბერს ამოეწურათ. მანამდე, 29 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ შვიდ განკვეთილ მონაზონსა და ბერ-დიაკონს წერილი გაუგზავნა და მოუწოდა, საეკლესიო ქონებით სარგებლობა და მისი განკარგვა 4 ნოემბრამდე შეეწყვიტათ. წერილში ნათქვამი იყო, რომ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ 11 სექტემბრის ბრძანებით მათ აუკრძალა ჭყონდიდის ეპარქიის მონასტრებში, ასევე ეკლესიის კუთვნილებაში არსებულ სხვა შენობა-ნაგებობებში ცხოვრება და საქმიანობა, საეკლესიო მიწებითა და სხვა ქონებით სარგებლობა.

„საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმებით, აგრეთვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გარანტირებული და დაცულია საეკლესიო ქონების ხელშეუხებლობა და მღვდელმსახურებისთვის ხელის შეშლის აღკვეთა“, – ნათქვამი იყო წერილში, რომელსაც ხელს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აწერს.

ყოფილმა მონაზონმა ათინოგენმა განაცხადა, რომ საკუთარი ნებით მონასტერს არ დატოვებდნენ. განკვეთილი სასულიერო პირების განმარტებით, წმინდა სინოდია უკანასკნელი ინსტანცია იმ სასულიერო და საერო პირებისთვის, რომლებსაც ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა მღვდელმსახურების აკრძალვა მიუსაჯა. მათივე თქმით, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის წერილი კანონიკურად უსაფუძვლოა.

„თქვენ არ გაქვთ უფლება ჩაენაცვლოთ სინოდის ფუნქციებს. და რაც მთავარია, ასეთი უფლება არ გააჩნია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, რომელიც ჩვენს მიერ მძიმე ცოდვაშია ბრალდებული და ამის გამო გავალებთ ჩვენს დასჯას. ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო კანონიკური სამართლის წესებთან“, – აცხადებდნენ განკვეთილი სასულიერო პირები.

ჭყონდიდის ეპარქიაში ბოლო ორი წელია დაპირისპირებაა. სასულიერო პირებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც თებერვალში ეპარქია სამართავად ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს ჩააბარეს. მანამდე, ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) იყო, რომელმაც თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. წლების განმავლობაში ჭყონდიდის ეპარქიას მეუფე პეტრე (ცაავა) მართავდა. წმინდა სინოდმა ის მღვდელმთავრობიდან 2019 წლის ოქტომბერში გადააყენა „კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისა და წმინდა სინოდის მიმართ საჯაროდ არაერთგზის გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო“. მეუფე პეტრე აცხადებს, რომ ილია მეორე მამათმავლური ცოდვით არის შეპყრობილი და შეუძლია ეს ბრალდება მოწმეებით დაადასტუროს. ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი მეუფე პეტრეს უჭერს მხარს და მის ბრალდებებზე გამოძიების ჩატარებას ითხოვს. ისინი მიიჩნევენ, რომ მეუფე სტეფანე ეპარქიის უკანონო მმართველია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]