„ინფორმაცია მაქვს, რომ შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც დაწერა შესაბამისი დასკვნა, რომ გადაყვანილი უნდა იყოს მრავალფუნქციურ საავადმყოფოში, მაგრამ ამასობაში, ადამიანის უფლებების, კონსილიუმის გადაწყვეტილების ყოველგვარი იგნორირებით, თვალწინ აგვართვეს და სადღაც გააქრეს. ეს არის ჩემი აზრი. როგორც გამოირკვა, გაიარა ორმა ბრონირებულმა მანქანამ და მერე ვერტმფრენმა გადაგვიფრინა. ფაქტია, რომ ჩემი შვილი აქ აღარ არის“, – განაცხადა გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან.
მანამდე, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყოფშიძემ განაცხადა, რომ ექიმების კოსილიუმმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საჭირო იყო სააკაშვილის გადაუდებელი გადაყვანა მრავალპროფილურ საავადმყოფოში.
29 ოქტომბერს, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს ციხიდან კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანდნენ. ამ განცხადებით ბრეგაძე გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციას, რომელიც მიხედვითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანისთვის ხელის შეშლის მიზნით „გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს“ გეგმავენ.
მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ის პროტესტის ნიშნად 39-ე დღეა შიმშილობს.