weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კადრებზე ნათლად ჩანს არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა – ადვოკატი

15:03 ხუთშაბათი, 11 ნოემბერი 2021
© რადიო თავისუფლება © რადიო თავისუფლება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს/სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ ვიდეოკადრებზე ნათლად ჩანს სააკაშვილისადმი არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა.

„როგორც მე-12 დაწესებულებაში გადაღებული კადრები, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა პენიტენციურმა სამსახურმა, ისე დღევანდელი კადრები, ცალსახად ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილი N12 დაწესებულებიდან გამოიყვანეს მოტყუებით, კერძოდ, მას უთხრეს, რომ გადაჰყავდათ სამოქალაქო საავადმყოფოში, მაგრამ მას შემდეგ რაც მიხვდა, რომ მოიყვანეს გლდანის მე-18 დაწესებულებაში, რომელზეც მას არაერთხელ კატეგორიული პოზიცია ჰქონდა დაფიქსირებული, რომ მისთვის მიუღებელი იყო ამ დაწესებულებაში მოთავსება, ვნახეთ მისი დამოკიდებულება და წინააღმდეგობა.

გავრცელებულ ვიდეოკადრებზე ნათლად ჩანს არაადამიანური მოპყრობის ფაქტი, რაზეც ვსაუბრობდით ბოლო დღეებში. ახლა, იუსტიციის სამინისტრო მიერ გავრცელებული კადრებით ფიქსირდება, თუ როგორ ცდილობს პენიტენციური სამსახური ღირსება შეულახოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ისე ახდენს მის იძულებით მოთავსებას N18 დაწესებულებაში“,  – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

დღეს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე“ გამოაქვეყნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში (N18 სამკურნალო დაწესებულება) შეყვანის ამსახველი ვიდეომასალა. კადრებით დასტურდება, რომ სააკაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით მოათავსეს.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, რომელიც ციხის გვერდით მდებარეობს, მისი ნების საწინააღმდეგოდ 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, პატიმრის გადაყვანის გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით მიიღეს. ამასთან, უწყებამ გაავრცელა სააკაშვილის მიერ რუსთავის ციხის საკნის დატოვების კადრები, სადაც, მათი მტკიცებით, „ნათლად ჩანს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ“. ექსპრეზიდენტმა სახალხო დამცველთან შეხვედრისას განმარტა, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას დათანხმდა.

როგორც სააკაშვილი აცხადებდა, რუსთავის ციხიდან მოტყუებით გამოიყვანეს, ხოლო N18 დაწესებულებასთან მიყვანის შემდეგ მანქანიდან „კრიმინალების გინების ქვეშ გადმოათრიეს, მიწაზე გაათრიეს და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში“. ყოფილი პრეზიდენტი დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მხრიდან მის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც საუბრობდა.

საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა მესამე პრეზიდენტის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]