weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

19:47 ორშაბათი, 08 ნოემბერი 2021

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან ვერტმფრენით გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით მიიღეს.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 39-ე დღეა შიმშილობს, ციხის საავადმყოფოში მისი გადაყვანის წინააღმდეგი იყო.

„როგორიც არ უნდა იყოს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე უარს ვაცხადებ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე და მირჩევნია დავრჩე იქ, სადაც ახლა ვიმყოფები, სანამ ამ სიტუაციას არ დაასრულებს ან ჩემი სიკვდილი, ან ჩემი თავისუფლება. ნებისმიერ შემთხვევაში უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე“, – ნათქვამი იყო მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც მან 26 ოქტომბერს გაავრცელა.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ციხის საავადმყოფოში მონიტორინგი ორჯერ ჩაატარეს. 4 ნოემბერს, მეორე შემოწმების შემდეგ, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 3 ნოემბრისა და 28 ოქტომბრის დასკვნებსა და რეკომენდაციებს. კერძოდ, სახალხო დამცველის ინფორმაციით, დაწესებულებაში არ ფუნქციონირებს კათეტერიზაციის ლაბორატორია და იგი არ არის აღჭურვილი მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატით.

„მიხეილ სააკაშვილის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, მას ვერ მიაწოდებენ კონსილიუმის დასკვნით განსაზღვრულ ყველა საჭირო სამედიცინო სერვისს“, – აცხადებდა სახალხო დამცველი.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პირადი უსაფრთხოებისა და მისთვის ღირსების შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფის საკითხს, სახალხო დამცველი აღნიშნავდა, რომ დაწესებულებაში ფიზიკური უსაფრთხოების რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი, თუმცა არსებული ინფრასტრუქტურა და გარემო ვერ გამორიცხავს პატიმართა გარკვეული ჯგუფების მხრიდან ვერბალური აგრესიისა და ხმაურის, სიტყვიერი შეურაცხყოფის თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის რისკებს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პრობლემური იქნება მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტორების შესვლაც, ვინაიდან ნებისმიერ შემსვლელს, მათ შორის ადვოკატებს, მოუწევთ გაიარონ N8 დაწესებულების ეზო, სხვა პატიმართა საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს, რა დროსაც იზრდება გარკვეული სიტყვიერი დაპირისპირებისა, თუ შეურაცხყოფის მიყენების საფრთხე.

სახალხო დამცველის მოსაზრებით, იუსტიციის სამინისტროს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის გადასაყვანად ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება უნდა შეერჩიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]