weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პროკურატურამ გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი პასუხისგებაში მისცა

12:31 ხუთშაბათი, 18 ნოემბერი 2021

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორი ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად „ქილერა“, პატიმრის წამების ფაქტზე ბრალდებულად პასუხისგებაში მიეცა. ამავე საქმეზე ბრალდებულია მეგის ქარდავა, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 

როგორც პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ მოსთხოვეს არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება, ასევე ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ გაუპატიურებით.

„საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, აღნიშნულ პირს, ნარკოტიკული ნივთიერება, დაკავების საფუძვლის შესაქმნელად ჩაუდეს.

სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის მიღების შემდეგ, დაკავებული ჩაიყვანეს ციხის ე.წ. „კარანტინში“, სადაც აყურებინეს, თუ როგორ ძალადობდნენ სექსუალურად ერთ-ერთი პატიმრის მიმართ, რის შემდეგაც დაზარალებულს დაემუქრნენ, რომ თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მასაც გააუპატიურებდნენ. ალექსანდრე მუხაძემ პატიმარს არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ, დაზარალებულმა მეგის ქარდავას მითითებით, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მისი მონაწილეობის აღიარებითი ჩვენება დაწერა.

წამების შედეგად მიღებული აღიარებითი ჩვენება ალექსანდრე მუხაძის და მეგის ქარდავასთვის არ აღმოჩნდა საკმარისად ამომწურავი, რის გამოც აღნიშნულმა პირებმა პატიმარი აიძულეს შეეჭამა ის ფურცელი, რომელზეც მისი ჩვენება იყო დაწერილი.

სასურველი ჩვენების მისაღებად, იგი შეიყვანეს ერთ-ერთ საკანში, სადაც ნიღბებში გამოწყობილი სხვა პატიმრების გამოყენებით მოუწყვეს სექსუალური ძალადობის ინსცენირება, რომელიც კამერით გადაიღეს.

2011 წლის მაისიდან 2012 წლის თებერვლის თვემდე დაზარალებული არაერთხელ იქნა დაკითხული, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხდებოდა მისი დაპირისპირება ე.წ. ტერაქტში თითქოსდა მხილებულ სხვა პირებთან. ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, სასურველი ჩვენების მისაღებად მეგის ქარდავამ პატიმარს თავზე დაადო პისტოლეტი და ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით დახვრეტის იმიტაცია მოახდინა.

ცემის, წამების, სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელების და ფიზიკური შეურაცხყოფის გაგრძელების შიშით, დაზარალებული იძულებული გახდა ხელი მოეწერა მისი მწამებლებისთვის ხელსაყრელი აღიარებითი ჩვენებისთვის.

ალექსანდრე მუხაძის, მეგის ქარდავას და დაწესებულების სხვა თანამშრომლების მხრიდან პატიმარზე განხორციელებული წამების არაერთი ფაქტის გამო, მან თვითმკვლელობა სცადა.

აქვე აღსანიშნავია, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულებმა დაზარალებულის წამების შედეგად მისგან მიიღეს ე.წ. ტერაქტში მონაწილეობაზე სასურველი ჩვენება,ასეთი ტერორისტული აქტის არარსებობის გამო, არ დაწყებულა გამოძიება და პატიმრის მიმართ ტერაქტში მონაწილეობაზე სისხლისსამართლებრივი დევნა. დაზარალებულმა პატიმარმა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წელს, დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება“, – აცხადებს პროკურატურა.

უწყების ინფორმაციით, უკრაინაში მეგის ქარდავას დაკავებისას, მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს არაერთი ვიდეო-ჩანაწერი, რომლებიც გამოთხოვილი იქნა უკრაინის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოდან.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ალექსანდრე მუხაძე თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას და ამის გამო, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის II ნაწილით დაუსწრებლად წარედგინა. დანაშაული ცხრიდან თხუთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]