weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სახალხო დამცველის დასკვნა ევროსასამართლოში მნიშვნლოვანი დოკუმენტი იქნება – წოწორია

16:41 ხუთშაბათი, 18 ნოემბერი 2021

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ნონა წოწორიას შეფასებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის დასკვნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება, როდესაც ევროსასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სახელმწიფოს მხრიდან დროებითი ღონისძიების კეთილსინდისიერად აღსრულებას განიხილავს.

„ამ სპეციფიკის დროებითი ღონისძიების აღსრულება ექიმების გადასაწყვეტია, ანუ მთავარი წარმმართველი ძალა ექიმებს ეკუთვნით და ამიტომ, ექიმების პოზიცია არის გადამწყვეტი. ბუნებრივია, ევროსასამართლო მათ დასკვნებს მიაქცევს ყურადღებას. ამ პროცესში პოლიტიკოსების მოსაზრებები აბსოლუტურად მეორეხარისხოვანოა. საექიმო კორპუსის გუშინდელი დასკვნა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, თუმცა არა ერთადერთი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებას განაპირობებს“, – განაცხადა ნონა წოწორიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

წოწორიას თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები, რაც ექიმთა ჯგუფის გუშინდელ დასკვნას მოჰყვა, მიუღებელია და ევროსასამართლოს ყურადღებამდე მიტანილი იქნება.

„ვფიქრობ, ძალიან დიდი შეცდომაა ხელისუფლების მხრიდან მსგავსი რეაგირება როგორც სახალხო დამცველზე, ისე დამუკიდებელ ექსპერტებზე. ჩემი აზრით, ეს ნამდვილად იქნება მიტანილი ევროსასამართლოს ყურადღებამდე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ პროცესს არაფერი აქვს საერთო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და მის ინტერესებთან, არამედ ეს არის მთლიანად დანახული პოლიტიკური პრიზმიდან. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის გადარჩენაზე და აქ პოლიტიკურ დღის წესრიგს მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს“, – აღნიშნა ნონა წოწორიამ.

10 ნოემბერს სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელთან დაკავშირებით დროებითი ღონისძიება გამოიყენა. სასამართლომ მოითხოვა, რომ საქართველოს მთავრობამ აცნობოს მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევა. ასევე, უნდა შედგეს მისი ჯანმრთელობის აღდგენის გეგმა. ამავე დროს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მხარეებმა დროებით ღონისძიებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ევროსასამართლოს 24 ნოემბრამდე უნდა წარუდგინონ.

16 ნოემბერს სახალხო დამცველმა 8 ექიმით დაკომპლექტებული სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი შექმნა, რასაც წინ უძღონა ის, რომ იუსტიციის სამინისტრომ მისივე ინიციატივით შექმნილი ექიმთა კონსილიუმი გლდანის N18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვა.

სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა გუშინ გახდა ცნობილი. მასში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დასკვნას „ფეიკი“ უწოდა და განაცხადა, რომ თუ ამ დასკვნას მოჰყვა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ის სცენარი, რისიც მმართველ პარტიას ეშინია, შესაძლოა ნინო ლომჯარიას და კონკრეტული ექიმების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

 

ამ თემაზე:

სტრასბურგის სასამართლოს მივმართეთ, რომ მესამე მხარედ ჩაგვრთოს – ლომჯარია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]