როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, უკანასკნელ პერიოდში ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან რადიკალური პოზიცია დაფიქსირდა.
„კვლავ გავიმეორებთ, რომ აცრას არა აქვს რელიგიური დატვირთვა და ამდენად დაუშვებელია, სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აუკრძალოს ამ პროცედურის ჩატარება ან შეუზღუდოს ზიარება იმის გამო, რომ ისინი აიცრნენ. მკურნალობის ამ მეთოდთან მიმართებაში, ქრისტიანისათვის, რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია უხეში და შეურაცხმყოფელი მიმართვების გავრცელებაც.
წმ. სინოდის განჩინებას ასევე ეწინააღმდეგება მოძღვრის მიერ მრევლისთვის მსახურებაზე პირბადის ტარების აკრძალვა.
შევნიშნავთ იმასაც, რომ ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს იძულებით ვაქცინირებას, რა მოტივითაც არ უნდა იყოს იგი ნაკარნახევი.
ყველას უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ეს ღვთისგან მონიჭებული ხელშეუხებელი უფლებაა და მისი დაცვა აუცილებელია“, – აცხადებს საპატრიარქო და მიმართავს სასულიერო პირებს, მათი ქმედებები ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ გასცდეს სინოდის განჩინებას.
„თვითნებობის შემთხვევაში მრევლს შეუძლია მომართოს საქართველოს საპატრიარქოს“, –აღნიშნულია განცხადებაში.
28 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ სრულად, ანუ ორივე დოზით, ვაქცინირებულია 994 285 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 34.8%-ია. ვაქცინაციის ეროვნული გეგმა 2021 წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის (1 691 214 ადამიანი) სრულად აცრას ითვალისწინებდა.
ერთი თვის წინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპატრიარქოს მიმართა და მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე პასუხისმგებლობა მასაც დააკისრა.
„პასუხისმგებლობა დიდია საპატრიარქოსი, რომელიც მაინც თავს იკავებს კურთხევის მიცემისგან, რაც საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა“, – თქვა ზურაბიშვილმა.