weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სახელმწიფოს დავა არ წაუგია, ეს არის ნაწილობრივ დაკმაყოფილება – კალაძე „ინტერ რაოზე“ 

10:33 ხუთშაბათი, 02 დეკემბერი 2021

თბილისის მერის და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს რუსულ ენერგოჰოლდინგ „ინტერ რაოსთან“ დავა არ წაუგია და საარბიტრაჟო სასამართლომ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა.

ამასთან, კალაძის თქმით, რუსულ კომპანიასთან ხელშეკრულება წინა ხელისუფლების პირობებში დაიდო. 

„თავის დროზე, როდესაც ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ, მოთხოვნა იყო, კახა კალაძეს ხელი მოეწერა იმაზე, რომ ამ კომპანიისთვის 200 მილიონი დოლარი გადაგვეხადა. ამას, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდებოდი. ჩვენ ვიცავთ სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს. სახელმწიფოს დავა არ წაუგია. ეს არის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.

კახა კალაძეს არანაირი „გრიფით საიდუმლო“ ხელშეკრულება არ დაუდია. ამ ხელშეკრულებას 2007 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაედო „გრიფით საიდუმლო“. შესაბამისად, ჩემი მინისტრობის დროს ეს ხელშეკრულება დამხვდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მიმდინარე წლის 23 ნოემბერს სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს მთავრობას „ინტერ რაოსთვის“ 80.5 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსულმა სახელმწიფო ტელეარხმა „როსია 24“-მა გაავრცელა, მოგვიანებით კი საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დააასტურა. 

„სამი ავტორიტეტული საერთაშორისო არბიტრი კანადიდან, აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან დაეთანხმა მოსარჩელის არგუმენტებს და დაადასტურა 80 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის კომპენსაციის მიღების უფლება, გადაწყვეტილება არსებითად გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ბოლო ვადა 23 დეკემბრამდეა“, – იუწყებოდა ტელეარხი. 

„ინტერ რაო“ საქართველოში კომპანია „თელასის“ 75%-იან წილს და ორ ჰესს – „ხრამი 1“-სა და „ხრამი 2“-ს ფლობს. „როსია 24“-ის ცნობით, რუსულ კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულება ლარის გაუფასურების შემთხვევაში ელექტოენერგიის საფასურის ზრდას ითვალისწინებდა და სწორედ სატარიფო გარანტიები იყო საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტირების მთავარი პირობა. 

ს „რა მოხდა 2013, 14, 15 და 16 წლებში: ლარის კურსი მკვეთრად დაეცა, დაახლოებით 40%-იანი დევალვაცია განიცადა. ამ პირობებში დადგა ტარიფების უსწრაფესად გადახედვის საკითხი, თუმცა საქართველოს მთავრობა ამაზე არ წამოვიდა და საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, რუსულ კომპანიას კომპეტენტურ სასამართლოსთვის მიმართვის გარდა არჩევანი არ დარჩა“, – ამბობს ტელეარხის რესპონდენტი ალექსეი ისპოლინოვი. 

„როსია 24“-ის ინფორმაციით, მომდევნო წელს არბიტრაჟს მოუწევს განსაზღვროს „ინტერ რაოს“ სამომავლო ზარალისთვის კომპენსაციის ოდენობა და საერთო თანხამ შესაძლოა 100 მილიონ დოლარს გადააჭარბოს. 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფო მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული და ამიტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში, როგორც დაუსაბუთებელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]