გერლიანის თქმით, თვითმკვლელობა ჰქონდა განზრახული, თუმცა პოლიციელებმა მიუსწრეს.
რაც შეეხება სახლიდან წასვლის მიზეზს, როგორც გერლიანმა თქვა, ამასთან დაკავშირებით პოლიციის განყოფილებაში გააკეთა განმარტება.
„მანამდეც დავწერე, რომ პოლიციელის, გიორგი გოგნიაშვილის მხრიდან ჩემ მიმართ უღირსი და პატივაყრის ქმედება იყო ძირითადი მიზეზი, რაც დაგროვდა დროთა განმავლობაში ჩემში და მივედი ამ გადაწყვეტილებამდე. მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჩემს პირად საკუთრებაში მომიწყო ცრუ მოტოვით დაკითხვა და ასე შემდეგ. ჩემი ნებით ვიყავი წასული“, – განაცხადა გერლიანმა ჟურნალისტებთან.
რამაზ გერლიანს 19 დეკემბრიდან ეძებდნენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის გადაღლილია და მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება, განცხადებას თავად გააკეთებს.
რამაზ გერლიანმა გაუჩინარებამდე Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის პოლიციელის მხრიდან შეურაცხყოფაზე და ასევე, მის მიმართ სავარაუდო უკანონო მიყურადებასა და თვალთვალზე წერდა. ის ამბობდა, რომ მომხდართან დაკავშირებით პოლიციასაც მიმართა, თუმცა საქმეს არ იძიებდნენ.