ლავრენტიევის თქმით, მარგოშვილი შეიარაღებული დაჯგუფება „ჯუნდ ალ-შამის“ ერთ-ერთი მეთაური იყო.
„ეს ოდიოზური პიროვნებაა, რომელიც ჩეჩნეთში იბრძოდა და მის ხელებზეა ბევრი სამოქალაქო პირის სისხლი“, – განაცხადა პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
51 წლის მურად მარგოშვილი წარმოშობით პანკისის ხეობიდან არის. სოფელ დუისში მას დედა ჰყავს, მამა კი რამდენიმე თვის წინ გარდაეცვალა. როგორც „რეგინფოს“ დუისში მერის წარმომადგენელმა, თამარ მარგოშვილმა განუცხადა, მურად მარგოშვილის დაღუპვის შესახებ სოფელში დადასტურებული ინფორმაცია არ აქვთ. მისივე თქმით, ანალოგიური ცნობები რამდენიმე კვირის წინაც ვრცელდებოდა.
მიმდინარე წლის 11 დეკემბერს Twitter-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს მუსლიმ ალ-შიშანის დაჯგუფების შტაბ-ბინაზე, რომელიც სირიის ქალაქ იდლიბის დასავლეთით მდებარეობს. როგორც IDLIB POST-ი იტყობინებოდა, საჰაერო თავდასხმის შედეგად მუსლიმ ალ-შიშანის ცოლ-შვილი დაშავდა. ამ წყაროს მუსლიმ ალ-შიშანის დაღუპვის ან დაჭრის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
მურად მარგოშვილი ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოშია დაბადებული და რუსეთის მოქალაქეა. ის ჩეჩნეთის მეორე ომში მონაწილეობდა. 2017 წელს, საქართველოს ხელისუფლებამ ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში შეიყვანა. მარგოშვილი აშშ-ის ტერორისტთა სიაშია 2014 წლიდან.